დეპუტატი გიგა ბუკია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს
დეპუტატი გიგა ბუკია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს

ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა არათუ უნდა შეჩერდეს, არამედ კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ.

როგორც პირველ არხთან საუბარში გიგა ბუკიამ აღნიშნა, იზიარებს საქართველოს საპატრიარქოს განცხადების სულისკვეთებას, რომ კანონპროექტი შესაბამისად მომზადებული ჯერ არ არის. მისივე თქმით, კანონპროექტის ინიცირებისას უმრავლესობის შიგნით გამოითქვა გარკვეული გულისწყრომა, რომ ცვლილებები მმართველ გუნდში შეთანხმებული და სერიოზულად განხილული არ ყოფილა.

„იმ ინიციატივასთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა გვქონდა, რომელიც უმრავლესობის გარკვეულმა წევრებმა წარმოადგინეს. აღნიშნული ინიციატივა ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს, რომ ნარკოტიკების მოხმარება მკვეთრად გაიზრდება. ეს კანონპროექტი ინიცირებულიც კი არ უნდა ყოფილიყო, არათუ, მასზე მსჯელობა შეჩერდეს. იმ პოზიციას ვეთანხმებით, რომ პარლამენტში კანონპროექტი ამ ფორმით განხილული არ უნდა იყოს. ამ ფორმით კანონპროექტის ინიცირების წინააღმდეგი ვიყავით, ვინაიდან სურვილი გვქონდა, რომ შიდა აზრთა სსხვადასხვაობა გარეთ არ გამოსულიყო, თუმცა აკაკი ზოიძემ ეს კანონპროექტი ამ ფორმით შემოგვთავაზა და ნახეთ, რომ წინააღმდეგები არა მხოლოდ „კონსერვატორები“ ვართ, არამედ კვორუმი თავად იმ კომიტეტშიც კი არ შედგა, რომლის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძეა. სხდომას უმრავლესობა არ დაესწრო და აკაკი ზოიძე იძულებული გახდა, კომიტეტი „ნაციონალების“, „ევრონაცებისა“ და ოპოზიციის ხმებით შეეკრიბა და ინციატივა ასე განეხილა“, – აღნიშნავს ბუკია.

დეპუტატი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებულ ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტში მაინც გაგრძელდება, დიდი ალბათობით კანონპროექტი კანონად ვერ იქცევა.

„ინტერესი დიდია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის პროცესში ბევრი ადამიანი ჩაერთოს და პრობლემის გადაჭრის გზები მოიძებნოს. მისასალმებელია, თუ კანონპროექტი გაწვეული იქნება და გადაწყვეტილება უფრო ფართო კონსენსუსის შედეგად იქნება მიღებული და არა ისე, როგორც დღეს არის ინიცირებული. ამ კანონპროექტს „კონსერვატორების“ მხარდაჭერა არც ერთ შემთვევაში არ ექნება. თუ ეს კანონპროექტი ამ ფორმით განიხილება, დიდი ალბათობით, კანონად ვერ იქცევა“, – დასძინა ბუკიამ.

საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა, თუმცა მასზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო და ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით გასული წლის 27 დეკემბერს მიიღო.

აღნიშნულ საკითხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში შეეხო, გუშინ კი, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და პარლამენტს მოუწოდა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა შეაჩეროს და საკითხზე მსჯელობა გაიმართოს ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.