დავით მათიკაშვილი - ვერ დავუჭერთ მხარს კანონპროექტს, რომელიც მინიმალურ სტანდარტს არ აკმაყოფილებს
დავით მათიკაშვილი - ვერ დავუჭერთ მხარს კანონპროექტს, რომელიც მინიმალურ სტანდარტს არ აკმაყოფილებს

სასამართლო რეფორმა ჩვენი გამოწვევაა და მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ, რათა იგი უკეთესი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი მხარს ვერ დაუჭერს კანონპროექტს, რომელიც კონსტიტუციას არ შეესაბამება.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ, რათა სასამართლო იყოს უკეთესი, სასამართლოში შეიქმნას ყველა საფუძველი, საზოგადოებამ დაინახოს მართლმსაჯულების აღსრულების ჯანსაღი პროცესი, თუმცა ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს ისეთ კანონპროექტებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს. ანტიკონსტიტუციურობის გარდა, არის კიდევ სხვა საკითხები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იყო ამ თემებზე მსჯელობა. ამ წესით შესაძლებელია დადგინდეს მოცემულობა, რომ ძალიან მალე სასამართლოში დარჩნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც უვადოდ უკვე არიან დანიშნული, რაც მოსამართლეთა მინიმალური რიცხვია. ისინი ვერ შეძლებენ საქმეთა მზარდი რაოდენობის გადამუშავებას და შესაბამისად, ამ პროცესის დასრულებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შესაბამისად, დეპუტატის თქმით, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეფორმა ჩიხში არ მოექცეს.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციაც სწორედ ის არის, რომ უვადოდ დანიშვნა განხორციელდეს და არ შეჩერდეს. ეს იყო ევროსაბჭოს რეკომენდაცია, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რაც გაითვალისწინა საქართველოს პარლამენტმა იმ კონსტიტუციის რედაქციაში, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებელი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა იგეგმება, რომელსაც, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.