დავით მათიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, ხორავას ქუჩის საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა
ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და განაჩენი არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლების შესაფასებელი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, განაჩენი უნდა აღსრულდეს და აღმასრულებელი ხელისუფლება სწორედ ამაზეა პასუხისმგებელი.
„კარგია, რომ ოჯახი მიესალმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენს. კომენტარიდან გამომდინარე ვნახეთ, რომ პირველად დაინახეს სამართლის აღსრულების რეალური შანსი და ამას მხოლოდ მივესალმებით. აქვე შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იმ განცხადებასა და განწყობას, რომ ეს ფაქტი არც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ სპეკულაციად და საკუთარი პოლიტიკური ქულების დაწერის მიზეზად არ უნდა იყოს გამოყენებული. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი ისე გაგრძელდება და დასრულდება, რომ თუ რამე კითხვის ნიშანი არსებობდა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება. რაც ყველაზე მთავარია, სამართალი აღსრულდება. ეს უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. რაც შეეხება გ.ბ.-ს, მის მიმართ ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უდანაშაულოდ ცნო. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ. ამასთან, ორივე მათგანს შეეცვალა სასჯელის ზომა და 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გ.ჯ.-მ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „პირველად გამიჩნდა შეგრძნება, რომ სამართალი აუცილებლად უნდა აღდგეს და მოვუწოდებ ყველას, ჩემი შვილის, ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისა და სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ“.