დავით მათიკაშვილი - ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვა ისე, რომ საქმე არ გამოვიდეს და არ გაკეთდეს, არ შეიძლება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვა ისე, რომ საქმე არ გამოვიდეს და არ გაკეთდეს, არ შეიძლება. ამის შესახებ მათიკაშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2017-2018 წლებში გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკისა და საწვავის ხარჯების შესახებ მომზადებული დასკვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„თუმცა, ხარჯების ოპტიმიზაცია ნებისმიერი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნებაც“ სწორედ ამ გზით მიდის. თქვენ შეგიძლიათ, შეადაროთ წინა ბიუჯეტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ხარჯი რამდენით არის შემცირებული. ეს განათლებასთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და სხვა საკითხებთან ერთად ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
აიდიეფაი ასკვნის, რომ 2017-2018 წლებში სახელმწიფო გუბერნატორების მაგალითზე განხილული საწვავის მოხმარების პრაქტიკა, რაც გამოიხატება ცალკეულ შემთხვევებში არაგონივრულად მაღალი ოდენობის საწვავის ათვისებაში, ცალსახად მიუთითებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. კერძოდ, მიზანშეწონილია, შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურებრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა – ე.წ. ჩიპი.