დავით ხაჯიშვილი - „ქართულ ოცნებას“ საბაბს არ მივცემთ, ილაპარაკონ, რომ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“არ მონაწილეობს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით ხაჯიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართულ ოცნებას“ საბაბს არ მისცემენ, ილაპარაკონ, რომ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში მათი პარტია არ მონაწილეობს.
როგორც ხაჯიშვილმა გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გუშინ იყო მორიგი ფარსი, რაც, მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირთან მიმართებაში ახასიათებს.
„სამუშაო ჯგუფი არ არის შექმნილი, გუშინ იყო სამუშაო შეხვედრა. მორიგი ფარსი და ფიქცია ვნახეთ, რაც „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირთან მიმართებაში ახასიათებს. მათ არ უნდათ, რომ რეალური ნაბიჯები გადადგან. გუშინ სადღეგრძელოები ვნახეთ. როგორ უნდა შესრულდეს რეკომენდაციები, საუბარი ამაზე არ ყოფილა. მსჯელობა იყო – კარგი იქნებაო. ამ შეხვედრის მიმართ სკეპტიკურები ვიყავით, მაგრამ არ გვინდოდა, მათთვის რაიმე საბაბი მიგვეცა. ჩვენ ვმუშაობთ და „ქართულ ოცნებაზე“ უფრო სწრაფად ვიმუშავებთ. ვნახავთ, „ქართული ოცნება“ თუ რამდენად დაეცემა, მაგრამ მათ საბაბს არ მივცემთ, რომ ილაპარაკონ, რომ პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“არ მონაწილეობს“, – განაცხადა ხაჯიშვილმა.