დავით გელაშვილი - არსებობდა საფრთხე, რომ ხანძარი ავეჯის საამქროზე გავრცელებულიყო, თუმცა ეს საფრთხე მოხსნილია
ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტრიაზე ხანძრის შედეგად 900 კვ.მ ფართი დაიწვა.
„ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია 900 კვ.მ. ფართობი. მსუბუქი კონსტრუქციის ღია ფარდული, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ინახებოდა. მობილიზებული იყო ქვემო ქართლის გარდა თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურები. მთლიანობაში 15 ერთეული სახანძრო და 80 მეხანძრე.
არსებობდა საფრთხე, რომ ხანძარი გავრცელებული გვერდით ხის რბილი ავეჯის საამქროზე, თუმცა ეს საფრთხე მოხსნილია. ხანძრის მიზეზს მოგახსენებთ მოგვიანებით. ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიგნით, მის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ერთი კერა“,- განაცხადა დავით გელაშვილმა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მერი და მხარის გუბერნატორი.
რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას თქმით, ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
“დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ-ის ტერიტორია. შესაბამისი სამსახურების ოპერატიული მოქმედებებით, გადარჩენილია დიდი რაოდენობის საქონელი, რომელიც გვერდზე მაღაზიებში იყო”,- განაცხადა რუსთავის მერმა.
ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად საგამოძიებო უწყების მხრიდან ყველა ზომა იქნება მიღებული.
“ხანძარს სჭირდება შესწავლა. უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და დაიდოს დასკვნა შესაბამისი კვალიფიკაციის. ამიტომ, ვერავითარ წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. აქ არის კამერები და მაქსიმალურად ვეცდებით, ამოვიღოთ გავშიფროთ. ეს გამოძიების თემაა და ბუნებრივია, მიღებული იქნება ყველა ზომა იმისა, რომ დადგინდეს მიზეზი ხანძრის გავრცელების”,- განაცხადა რეხვიაშვილმა.