დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებულ ფოტოებზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს
უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის წარმომადგენლის დავით ფურცხვანიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ სატელიტური ფოტოები, რომელიც მან თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გადასცა, არ არის დამონტაჟებული, როგორც ამას გამოძიება ამბობს.
დავით ფურცხვანიძის თქმით, სატელიტის ფოტოებზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.
„თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის საქმით მე არასდროს დავინტერესებულვარ, ეს არის ეპიზოდი მოცულობითი საქმის, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები ვიძიებთ, ეს არის საერთაშორისო ფინანსური აფიორა, ამ საქმეში ერთ-ერთი ძირითადი ფიგურანტი არის აბრაამ რეიხბახი, „ზეგი“ პირდაპირ არის მასთან იდენტიფიცირებული, ბაჩალეიშვილი მად მუშაობდა და შემდეგ მოხდა დაღუპვა. ჩემი ინტერესი შემდეგ კონცენტრირდა, თამარი იყო სერიოზული ინფორმაციით ინფორმირებული, თამარი მუშაობდა ინფორმაციების სისტემატიზატორად და ეს შეეხებოდა დიდ მონაცემთა სისტემებს. ამ კომპანიას შემხებლობა ჰქონდა იმ ინფორმაციული ველის შექმნასთან, რომელზეც მე ვსაუბრობ. საინტერესო იყო ბაჩალიაშვილის სტაჟირება საფრანგეთში, რადგან ის ორივე დაწესებულება არის სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ. მე არ ვამბობ, რომ ბაჩალიაშვილი იყო სპეცსამსახურებთან დაკავშირებული. მე არ შემიძლია ზუსტი დასახელება მოგცეთ, რადგან ჩემი ყველა საკომუნიკაციო საშუალება წაღებულია. ჩვენ გამოვაქვეყნეთ სატელიტის ფოტო, უახლოეს დღეებში გავაკეთებთ ამ ექსპერტიზის პასუხის პასუხს და დამატებით კიდევ გვექნება დუბლირება იმ ადგილისა. ეს იქნება ძალიან მალე. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ერთ-ერთ პასუხში გაცემულია კონკრეტული სახელი, გვარი, ქვეყანა, მისი რეკვიზიტები კავშირის, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გასაჯაროვდეს“, – აცხადებს დავით ფურცხვანიძე.
ფურცხვანიძე არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს რომელიმე სხვა ქვეყნიდან საფრთხე დაემუქრა.
დავით ფურცხვანიძემ ასევე ისაუბრა მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ფურცხვანიძის თქმით, ის არის უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის წარმომადგენელი და „სპუტნიკ ტვ“-ის დამფუძნებელი.
რაც შეეხება „სპუტნიკ ტვ“-ს, როგორც ფურცხვანიძე ამბობს, ეს საერთაშორისო პროექტის ნაწილია, რომელიც რუსულენოვანი კონტენტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ ორგანიზაციას არ უმუშავია. ასევე, ფურცხვანიძე აღნიშნავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია მისი ნასამართლობის შესახებ.
რაც შეეხება პუტინის შესახებ იმ წიგნს, რომლის რედაქტირებაც მისმა ორგანიზაციამ განახორციელა, ფურცხვანიძე ამბობს, რომ მსგავსი წიგნები მსოფლიოს სხვა ლიდერების შესახებაც გამოიცემა.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულის თაობაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა კი განაცხადა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.