ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე ბრალდებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე ბრალდებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე ბრალდებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის საფრთხე.

ბრალდების ამ პოზიციას დაცვა არ იზიარებდა, რადგან ადვოკატის განცხადებით, ფურცხვანიძის მიერ აშშ-ში დაგეგმილი გამგზავრება უკავშირდებოდა ფურცხვანიძის სამსახურებრივ მივლინებას და ის არ აპირებდა მართლმსაჯულებისგან მიმალვას.

ადვოკატი ითხოვდა აღკვეთის გარეშე დატოვებას ან ხუთი ათასლარიანი გირაოს გამოყენებას.

მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, დავით ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმის პროკურორის თქმით, საქმეშია კომპიუტერუდან და მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა ამ ფოტომასალაზე და დაკავებულის შვილის ჩვენება. გამოძიების ინფორმაციით, „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრისა“ და „სპუტნიკ ტვ“-ს წარმომადგენელმა დავით ფურცხვანიძემ პირადი მოტივით მტკიცებულების ფალსიფიცირება მოახდინა, სატელიტის ფოტოების, რომელიც თითქოსდა ასახავდა 18-დან 22 ივლისის ჩათვლით სოფელ მაწევანის იმ ტერიტორიას, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა აღმოაჩინეს, თუმცა ამ სატელიტის ფოტოებზე ავტომანქანა იმ ტერიტორიაზე არ იდგა. ეს ფოტომასალა კი, ბრალდების მხარის ინფორმაციით, ფურცხვანიძემ მის შვილს დაამონტაჟებინა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს გაიმართება.