დავით დავარაშვილი - ყველა ორსულს ვურჩევთ, აიცრან, ამით იცავენ არა მხოლოდ თავს, არამედ ბავშვსაც
„კოვიდ-19“-მა ძალიან მოიმატა ჩვენს ქვეყანაში და ეს განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის, ვინაიდან ორსულები უფრო დიდ რისკს წარმოადგენენ ყოველი ინფექციის მიმართ, დაავადება შეიძლება, უფრო მძიმედ განვითარდეს, როგორც დედისთვის, ისევე გარკვეული პრობლემა შეექმნას ბავშვს, – ამის შესახებ ექიმმა, დავით დავარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშუალება ორსულების დასაცავად არის ვაქცინაცია.
„საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არის ორსულების აცრის საშუალება. შემოსულია „ფაიზერი“, რომელიც დაშვებულია ორსულებისთვის. ყველა ჩვენს პაციენტს, ყველა ორსულს ვურჩევთ, რომ აიცრან. ამით ორსული იცავს არა მხოლოდ თავს, არამედ იცავს თავის ბავშვს და შემდგომში, როცა იგი იმშობიარებს და დაიწყებს ძუძუთი კვებას, მაშინაც პატარა არის დაცული. რატომ?! იმიტომ, რომ ხდება ვაქცინის საშუალებით ანტისხეულების გამომუშავება. დამტკიცებულია, რომ ანტისხეულები გადადის ჭიპლარის სისხლით ნაყოფთან და შემდგომში, ძუძუთი კვების დროს უკვე რძით აღწევს ახალშობილში. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ პასიური იმუნიზაცია ჩავატაროთ ჩვენს პატარებთან, რადგან აცრა პატარებისთვის ჯერჯერობით არ არის მიზანშეწონილი.
როცა შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინა, ყველა ორსულს, რომლებიც არიან ჩვენთან აღრიცხვაზე და ზოგადად, ვინც გვეკითხება, ყველას ვურჩევთ, რომ აიცრან. ეს აუცილებელია. ბოლო სტატისტიკის მოხედვით, მთელ მსოფლიოში უკვე აცრილია ათიათასობით ორსული. ბევრმა იმშობიარა, ბევრი ჯერ კიდევ ორსულადაა და არავითარი გართულება, რაზეც არის დაუსაბუთებელი ჭორები, არ არის დამტკიცებული. აცრილი ორსულები უკვე დაცულები არიან ამ დაავადებისგან. შეიძლება, დაინფიცირდეს ვინმე, მაგრამ მიმდინარეობს ბევრად უფრო ადვილად“, – განაცხადა დავარაშვილმა.