დავით ბაქრაძის განცხადებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისა და პენსიების ზრდის საკითხში მთავრობასთან ითანამშრომლებენ
უმცირესობის დეპუტატ დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ, მაგრამ მასთან ორ საკითხში ითანამშრომლობენ.
ბაქრაძის განმარტებით, პირველი საკითხი არის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, ხოლო მეორე – პენსიების ზრდის თემა.
„შეხვედრაზე და შემდეგ მე და მამუკა ბახტაძეს საუბარი გვქონდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. ეს არის ის საკითხი, სადაც მზად ვართ თანამშრომლობისთვის, სადაც მზად ვართ იმისთვის, რომ ყველა რესურსი გამოვიყენოთ ამ საერთო საქმისთვის, მათ შორის სამუშაო შეხვედრა თქვენთან, შს მინისტრთან, სხვა უწყების წარმომადგენელთან. ეს არის თემა, რომელშიც მიუხედავად ჩვენი პრინციპული განსხვავებებისა, მზად ვიქნებით სამომავლოდ კონსულტაციებისა და ურთიერთობისთვის, მათ შორის ახლო მომავალშიც, რომ არ გადავწიოთ ეს საკითხი.
მეორე საკითხი რაზეც გუშინ ვისაუბრეთ და რაზეც პრინციპული შეთანხმება არსებობს, არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს პენსიების ზრდასთან დაკავშირებით და იმ რესურსებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება გამოიძებნოს პენსიის 50-ლარიანი ზრდისთვის. ვფიქრობ, ეს ორი საკითხი, რომელიც გუშინ უმცირესობასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა, კარგად აჩვენებს, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გუნდს მხარს არ ვუჭერთ, „ევროპული საქართველო“, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია, მზად არის, ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან იქ, სადაც ეს მნიშვნელოვანი და პოზიტიურია ქვეყნისა და ხალხისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა მამუკა ბახტაძე მიმართა, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია არ უნდა ეფუძნებოდეს მინისტრთა კაბინეტში მაგიდის გარშემო მსხდომი ადამიანების რაოდენობას, არამედ ორიენტირებული უნდა იყოს ბიუროკრატიის შემცირებაზე.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, თუ ბახტაძე არ აპირებს ბიუროკრატიის შემცირებას, ასევე გადასახადების შემცირებას – საშემოსავლო, დღგ, აქციზი – მაშინ მთავრობის ახალი შემადგენლობა ვერ იქნება მცირე მთავრობა.