„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ზუგდიდში მხარდამჭერებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მათთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.
„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ავტობუსით, მოძრავი საარჩევნო ოფისით მივიდა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება არა კაბინეტის, არამედ ხალხის პრეზიდენტი და ცვლილებებიც მშვიდობიანი გზით უნდა განხორციელდეს.
„საქართველოს სჭირდება ცვლილებები და უკეთესობა. ცვლილებები და უკეთესობა მოაქვს არჩევნებს, ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ არჩევნებზე ვირჩევთ არა ერთ კონკრეტულ ადამიანს, არამედ ვირჩევთ იმას, როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, როგორ ქვეყანაში ვიქნებით, როგორი იქნება ჩვენი ოჯახები, რამხელა იქნება ჩვენი პენსიონერების პენსია, რამდენად დაცული იქნებიან ჩვენი სოციალურად დაუცველები, სად ისწავლიან ჩვენი ახალგაზრდები, როგორი ქვეყანა იქნება და სად იქნება საქართველოს მომავალი. ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს 28 ოქტომბერს, ამიტომ ქვეყანას სჭირდება არა კაბინეტის პრეზიდენტი, როგორც ამას გვთავაზობს „ქართული ოცნება“, არამედ ქმედითი პრეზიდენტი, რომელიც თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად იმუშავებს დღე და რამე და იქნება ხალხთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ ეცდება ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დღეს ხალხსა და საქართველოს აწუხებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.