დავით ბაქრაძე - ყველაზე პირველი, რაც დღეს საღამოსვე შეიძლება, გაკეთდეს, არის გიორგი რურუას შეწყალება
პირადად ჩემთვის და კოლეგების დიდი ნაწილისთვის მთავარი საკითხი ამ პროცესში გახლდათ პოლიტპატიმრების რაც შეიძლება სწრაფი გათავისუფლება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, შარლ მიშელისგან პოზიციაა, რომ გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლება უნდა იყოს საკითხი, რომლითაც დაიწყება ხელშეკრულების შესრულება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პრეზიდენტ მიშელისგან მოვისმინეთ გახლავთ ის, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით არ სრულდება ამ პროცესში მისი ჩართულობა. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დოკუმენტის სრულად შესრულებას და მის იმპლემენტაციას. ამ პროცესის მონიტორინგში მონაწილეობას მიიღებენ ელჩებიც და პრეზიდენტი მიშელიც. ჩემთვის პირადად და კოლეგების დიდი ნაწილისთვის მთავარი საკითხი ამ პროცესში გახლდათ სწორედ პოლიტპატიმრების რაც შეიძლება სწრაფი გათავისუფლება. ეს თემა პრაქტიკულად ყველა გამომსვლელმა დააყენა. გზას სხვა საკითხების შესრულებისკენ გახსნის მხოლოდ ნიკა მელიას და გიორგი რურუას რაც შეიძლება სწრაფი გათავისუფლება. პრეზიდენტი მიშელი ამ მიდგომას იზიარებს, მისი პოზიციაც არის, რომ ეს უნდა იყოს საკითხი, რომლითაც დაიწყება ხელშეკრულების შესრულება და რომელიც შექმნის მეტ შესაძლებლობას, რომ უკვე სხვა საკითხებზე, სასამართლ, საარჩევნო და სხვა ტიპის რეფორმებზე ვისაუბროთ. ვიდრე ადამიანები დაჭერილები არიან, ვერანაირ რეფორმებზე საუბარი ვერ შედგება. ამიტომ, პირველი რაც უნდა გაკეთდეს გახლავთ ეს. მათ შორის ყველაზე პირველი, რაც შეიძლება დღეს საღამოსვე გაკეთდეს, ეს არის გიორგი რურუას შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.