დავით ბაქრაძე - ყველამ ერთად, ზოგმა მეჩეთში, ზოგმა ეკლესიაში, ზოგმა სინაგოგაში ლოცვით უნდა ავაშენოთ ჩვენი საერთო ქვეყანა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე, ხულოს რაიონში, სოფელ დიდაჭარის მეჩეთში, პარასკევის ლოცვას დაესწრნენ, მოგვიანებით კი, მოსახლეობას შეხვდნენ. ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.
დავით ბაქრაძის თქმით, მოსახლეობას აქვს მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო მისი მოგვარების გზა საპარლამენტო არჩვენებზე გადის.
„მე ვარ მარლთმადიდებელი ქრისტიანი, დღეს მოვედი მეჩეთში და დავესწარი ლოცვას, რომ ამით გამოვხატო ჩემი პატივისცემა საქართველოს ქართველი მუსლიმი თემის მიმართ. ამ ადამიანებს აწუხებთ ძალიან ბევრი პრობლემა და ეს ხალხი არის ჩვენი საზოგადოების სისხლი და ხორცი. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველოს მუსლიმი თემის პრობლემები მოგვარდეს, რომ ამ ადამიანებს ჰყავდეთ ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში და ყველამ ერთად, ზოგმა მეჩეთში ლოცვით, ზოგმა ეკლესიაში ლოცვით, ზოგმა სინაგოგაში ლოცვით, ყველამ ერთად ავაშენოთ ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი საერთო სამშობლო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ასეთი მხარდაჭერა იყოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს პარლამენტში ჰყავდეთ წარმომადგენელი და აქ, ზემო აჭარაში, ევროპულ საქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი, ძალიან წესიერი ადამიანი, ამ საზოგადოების ნაწილი, ჩვენი ქართველი მუსლიმი თემის ნაწილი ტარიელ ნაკაიძე და მე დარწმნებლი ვარ, რომ ის იქნება ამ კუთხის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ტარიელ ნაკაიძემ ხაზი გაუსვა უმცირესობების პრობლემებს და აღნიშნა, რომ ის იქნება ყოველი მოქალაქის ღირსეული დამცველი საქართველოს პარლამენტში.
„ახლა ვიმყოფებით სოფელ დიდაჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. ჩვენ დღეს აქ შევასრულეთ პარასკევის ლოცვა, შევხვდით მოსახლეობას, მოვისმინეთ მათი გაჭირვებები, გავაცანით „ევროპული საქართველოს“ გეგმა და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ამ ადამიანების წარმომადგენლობა გვყავდეს საქართველოს პარლამენტში, ამ ადამიანების ჭირი და ლხინი მივიტანოთ და შევეცადოთ მათი პრობლემების მოგვარება. აქამდე, წინამორბედები, ამ მიმართულებით არ მუშაობდენ და მხოლოდ საკუთარი ბიზნესების გამდიდრება იყო მათი მთავარი მიზანი. დიდაჭარას, ხულოს და მთლიანად აჭარას სჭირდება პოლიტიკოსი, რომელიც წარმოადგენს აჭარლების ხმას როგორც აჭარაში, ისე მთლიან საქართველოში“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.