დავით ბაქრაძე - ვერ წარმომიდგენია, საქართველოს პრეზიდენტისთვის ან მთავრობისთვის რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, რომ წაბრძანდნენ და პატივი მიაგონ მაკკეინის ხსოვნას
დავით ბაქრაძე - ვერ წარმომიდგენია, საქართველოს პრეზიდენტისთვის ან მთავრობისთვის რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, რომ წაბრძანდნენ და პატივი მიაგონ მაკკეინის ხსოვნას

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„მოვედი, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა სენატორ მაკკეინის მიმართ, იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი განცხადებით, სენატორი მაკკეინი იყო საქართველოს დიდი მეგობარი და გულშემატკივარი, რომელიც ქვეყანას ყველა მძიმე მომენტში გვერდით ედგა.

„არ არსებობდა არცერთი შეხვედრა, როდესაც საქმიანი საუბრის შემდეგ დამატებით არ კითხულობდა, თუ როგორ მიდის ამბები საქართველოში. იხსენებდა სხვადასხვა კუთხეებს, ქალაქებს. ეს იყო ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტი, ამიტომ, ვალდებული ვართ, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა, ტკივილი და თანადგომა მისი ოჯახის მიმართ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე პარასკევს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც სენატორ მაკკეინის დაკრძალვას დაესწრება. პრეზიდენტობის კანდიდატი და დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის, მისი და საპარლამენტო დელეგაცის წასვლა აშშ-ში საკმარისი არ არის.

„ვაშინგტონში იქნება მთელი ამერიკა, იქნება მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა, უნდა დავემშვიდობოთ ადამიანს, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი და ხმამაღალი მხარდამჭერი. ამიტომ, ვერ წარმომიდგენია, ამაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება იყოს, მაგალითად საქართველოს პრეზიდენტისთვის ან მთავრობისთვის, რომ წაბრძანდნენ და პატივი მიაგონ მაკკეინის ხსოვნას“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 2 სექტემბერს დაკრძალავენ.

ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე აშშ-ში თამარ ჩუგოშვილი და დავით ბაქრაძე გაემგზავრებიან.