დავით ბაქრაძე - თავის დროზეც აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული იყო საუბარი, რომ საქართველოს რაიმე სახის სანქციის მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდა აშშ-ის მხრიდან
თავის დროზეც აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოს რაიმე სახის სანქციის მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდა აშშ-ის მხრიდან, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს, სადაც საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით 15-პროცენტიანი დათქმა არ არის.
როგორც ბაქრაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა.
„თავის დროზეც აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოს რაიმე სახის სანქციის მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდა აშშ-ის მხრიდან. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის უმაღლეს დონეზე და ეს გამოიხატება მათ შორის იმ საკანონმდებლო აქტებში, რომელიც მიღებული აქვს აშშ-ის კონგრესს და თუნდაც იმ მაღალი დონის ვიზიტში, რომელსაც მომავალ კვირას ველოდებით. თავად ის დათქმა, რომელიც არსებობდა წარმომადგენელთა პალატის პროექტში, როგორც ვხედავთ, სენატის ვერსიაში არ ფიგურირებს, მაგრამ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რა დოკუმენტზე გვაქვს საუბარი. ეს არის საბიუჯეტო აქტი, რომელშიც სწორედ საგარეო დახმარების ნაწილში ვხედავთ ერთი მხრივ, იმას, რომ წლიდან წლამდე იზრდება საქართველოს მხარდაჭერა. ელემენტარულად რომ ავიღოთ, სამი წლის წინანდელთან შედარებით, 35 მილიონით, ოთხი წლის წინანდელ მონაცემთან შედარებით კი მხარდაჭერა თითქმის 50 მილიონით არის გაზრდილი. ეს მხარდაჭერა ხმარდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ორმხრივი უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის განმტიცებას, ეკონომიკის მხარდაჭერას. ანუ ეს არის დახმარება, რომელსაც წლიდან წლამდე იღებს საქართველო“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდება მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს.
„რაც შეეხება მეორე და ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, ეს 2017 წლის ბიუჯეტში ჩაიწერა პირველად და მას შემდეგ აღარ იცვლება – ესაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვისაც. ეს ნიშნავს, რომ აშშ განუხრელად და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს კიდევ ერთხელ მკაფიო და თვალსაჩინო გახდება ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს“, – განაცხადა ბაქრაძემ.