დავით ბაქრაძე - შეკრება რომ იყო, პარტიის წევრები მეუბნებოდნენ, ვაიმე, რომ მიდიხარ, ხმებს ვინ მოგვიტანსო
დავით ბაქრაძე - შეკრება რომ იყო, პარტიის წევრები მეუბნებოდნენ, ვაიმე, რომ მიდიხარ, ხმებს ვინ მოგვიტანსო

მაზოხისტი კი არ ვარ, ვერ ვხედავდე, რომ პარტიაში ხმები მომაქვს, მაგრამ როცა ლიდერი ხარ, პასუხისმგებლობა უნდა აიღო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსვლამ „ევროპული საქართველოს“ წევრებისთვის რამდენიმე რამ მოიტანა და ახლა პრინციპების დაცვა მისგან მოითხოვს, გააკეთოს იგივე, რასაც 2016 წელს სხვაზე ამბობდა.

„ჩვენთვის მოიტანა ის, რომ ჩვენ ვიყავით ორი არჩევნების განმავლობაში ზედიზედ 11-პროცენტიანი შედეგით გამორჩეული პარტია. მოიტანა ის, რომ ჩვენ ვიყავით ოპოზიციურ სპექტრში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე ამ საერთო ოპოზიციური ბრძოლის. მოიტანა ის, რომ ჩვენ შევძელით ამ ოთხი წლის განმავლობაში იმ პრინციპების დაცვა, რაც გვჯეროდა და რისთვისაც წამოვედით. დღეს ამ პრინციპების დაცვა ჩემგან მოითხოვს, მე გავაკეთო იგივე, რასაც ვამბობდი 2016 წელს სხვაზე. ანუ მე არ მინდა, ვიყო დაბრკოლება. მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თავს კი არაფერს ვაბრალებ. ძალიან კარგად ვხედავთ, პარტიის წევრები იმ დღეს შეკრება რომ იყო, ყველა მეუბნებოდა, ვაიმე რომ მიდიხარ, ხმებს ვინ მოგვიტანს. მე ამას ვხედავ, მაზოხისტი კი არ ვარ, ვერ ვხედავდე, რომ პარტიაში ხმები მომაქვს, მაგრამ როცა ლიდერი ხარ, პასუხისმგებლობა უნდა აიღო“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.