დავით ბაქრაძე - შარლ მიშელთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იქნება
„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე.
ამასთან, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხზე საუბრისას ბაქრაძემ აღნიშნა, რომ დიალოგს შედეგზე ორიენტირებული გარემო სჭირდება. ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს და შექმნას შესაძლებლობა, რომ ნორმალური პოლიტიკური დიალოგი შედგეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი ისეთ თემებზე, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ჩვენი სამომავლო გეგემები ევროკავშირთან მიმართებით, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს მთავარი თემა იქნება შიდა ვითარება, აქ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და იმ ჩიხიდან გამოსვლის მოძებნა, რომელშიც მთლიანი ქვეყანა შეიყვანა ხელისუფლებამ.
გამოსავლის მოძებნას სჭირდება დიალოგი. ამას ამბობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ამისთვის ვართ მზად მთელი ოპოზიცია, მაგრამ დიალოგი არ და ვერ იქნება ცარიელი სიტყვები. დიალოგს სჭირდება შედეგზე ორიენტირებული გარემო, ხოლო ეს გარემო დაანგრია ხელისუფლების ნაბიჯებმა, პოლიტიკურმა დევნამ, ნიკა მელიას დაპატიმრებამ, უფრო ადრე გაყალბებულმა არჩევნებმა. ამიტომ, კომპრომისისთვის ყველა უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, ლომის წილი და მთავარი ტვირთი ამ პროცესში არის ხელისუფლებაზე, რაც დააზიანეს საკუთარი ნაბიჯებით, აღადგინონ და შექმნან შესაძლებლობა ნორმალური პოლიტიკური დიალოგისთვის. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ევროკავშირის ოფისში ხვდება.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან.
შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.