დავით ბაქრაძე - საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო
17 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გაიმართა მოსმენა, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა“.
კომისიის წევრების წინაშე მოხსენებით წარდგნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, Heritage Foundation-ის მკვლევარი ლუკ კოფი, U.S. Atlantic Council-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ მოსმენის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.
საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ სამშვიდობო პოლიტიკასა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე.
„როცა ვსაუბრობთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში აშშ-ს, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და ჟენევის მოლაპარაკებების თანამონაწილეს, განსაკუთრებული ფუნქცია ენიჭება. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და იმ ქმედებებს, რასაც აშშ ახორციელებს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. ეს მხარდაჭერა თვალსაჩინოა. საქართველო სარგებლობს ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ის კონგრესის, მთავრობისა და ადმინისტრაციის მხრიდან. საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ეს პროცესი დადებითად ვითარდება არსებული ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ გვჯერა, რომ რთული და დაუღალავი შრომის შედეგად, შევძლებთ საქართველოში უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. ამ მიზნის მიღწევაში უმნიშვნელოვანესია ყველა არსებულ საერთაშორისო და აშშ-რუსეთის ფორმატებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობის ხაზგასმა. სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ დახუჭოს თვალი რუსეთის აგრესიაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. გადამწყვეტია საერთაშორიო თანამეგობრობის და განსაკუთრებით აშშ-ს მტკიცე პოზიცია და მკაფიო გზავნილი, რუსეთის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევასთან მიმართებით“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
აშშ-ში საქართველოს ელჩის თქმით, რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ე.წ. გავლენის ზონების შენარჩუნებისკენაა მიმართული .
დავით ბაქრაძემ გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პარტნიორებისგან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ელოდება.
2008 წლის რუსეთის აგრესიისა და ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე ჰელსინკის კომისიამ ექსპერტებთან ერთად იმსჯელა კონფლიქტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის გავლენაზე როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ოკუპაციის მძიმე შედეგებისა და იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომელსაც აშშ ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ჰელსინკის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ეუთო-ს და ეუთო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებით.
სენატში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკელმა სენატორმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესმა და საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმებისა და ეუთო-ს პრინციპების დარღვევების ფაქტების დღის სინათლეზე გამოტანა. მისივე თქმით, საქართველოს და უკრაინა რუსეთის მიერ საერთაშორისო საზღვრების დარღვევის მცდელობის ყველაზე ნათელი მაგალითები არიან.
სენატორ ბენ კარდინის თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია არა მასზე, არამედ ქართველ ხალხსა და ალიანსის პარტნიორებზე.