დავით ბაქრაძე - საქართველოს მთავრობა პარტნიორებისგან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ელოდება
დავით ბაქრაძე - საქართველოს მთავრობა პარტნიორებისგან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ელოდება

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვითარება კვლავ საგანგაშოა,  – აღნიშნული განცხადება აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის სენატში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ მოხსენება წარადგინა.

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები ყოველდღიურად ირღვევა.

ელჩმა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებზე ისაუბრა.

„გამწვავებულია ეთნიკური დისკრიმინაცია, შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება, ხდება უკანონო დაკავებები და გატაცებები, საკუთრების უფლება იზღუდება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება იკრძალება, ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლის მინიმალური გარანტიები უზრუნველყოფილი არ არის.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ეთნიკურად ქართველების მკვლელობა საშიშ ტენდენციად იქცა. ჩვენ ყველას გვახსოვს ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის მკვლელობები. ყველა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მხრიდან თანამშრომლობის მიუხედავად, კითხვები პასუხგაუცემელი, დამნაშავეები კი დაუსჯელი რჩებიან. ეს მკაფიოს ხდის, რომ ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმები არა მხოლოდ აძლიერებენ დაუსჯელობის გრძნობას, არამედ უბიძგებენ ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური ძალადობისა და დანაშაულისკენ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებში დამნაშავე პირების ჩამონათვალს მოიცავს და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა თავისი პარტნიორებისგან სიაში შეყვანილი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ელოდება.

„მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთი ცდილობს, ჩაშალოს საქართველოსა და მისი პარტნიორების ძალისხმევა, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ არის მიმართული“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი განმარტებით, ამის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შეუქცევად პოლიტიკას ატარებს.