დავით ბაქრაძე - სამთავრობო გუნდი წარუმატებელია, პრემიერისა და ცალკეული მინისტრების შეცვლა ამას ვერ უშველის
სამთავრობო გუნდი წარუმატებელია, პრემიერისა და ცალკეული მინისტრების შეცვლა ამას ვერ უშველის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა იმ მთავარი მიზეზის შესახებ, რის გამოც დატოვა თანამდებობა.
„კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო პარტიის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლობა. ვწუხვარ, რომ მან არ დაასახელა ის რეალური მიზეზი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია მისი და მისი გუნდის წასვლის რეალურ მიზეზად. ეს არის არსებული პრობლემები, გაზრდილი სიღარიბე, გაჭირვება. ის ფაქტი, რომ მთავრობა თურმე „იუნისეფის“ შედეგად იგებს, რომ ქვეყანაში ხალხს უჭირს, ეს არის სამარცხვინო. ამას სჭირდება კაბინეტიდან გამოსვლა და ხალხთან სიარული. ჩვენი შეფასებით, ეს გუნდი არის წარუმატებელი. პრემიერისა და ცაკეული მინისტრების შეცვლა ამას ვერ უშველის და ქვეყნის წინსვლისთვის საჭიროა მთლიანი გუნდის შეცვლა“, – განაცხადა ბაქრაძემ.
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა.