დავით ბაქრაძე - სამი კვირაა, „ევროპული საქართველო“ 350 გაჭირვებულ ოჯახს ეხმარება ზედმეტი პიარისა და საჯაროობის გარეშე
დავით ბაქრაძე - სამი კვირაა, „ევროპული საქართველო“ 350 გაჭირვებულ ოჯახს ეხმარება ზედმეტი პიარისა და საჯაროობის გარეშე

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის წევრების მხრიდან საკუთარი ხელფასის მესამედის კორონავირუსის დახმარების ფონდში გადარიცხვის თაობაზე, პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივას ეხმაურება.

დავით ბაქრაძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში, როდესაც ვირუსი საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ემუქრება ათასობით ადამიანის სამუშაო ადგილს და მათი ოჯახების შემოსავალს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ქველმოქმედება, ერთიანობისა და საზოგადოებრივი სოციალური სოლიდარობის ჩვენებაც.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, უკვე სამი კვირაა, პარტია „ევროპული საქართველო“ 350 გაჭირვებულ ოჯახს ეხმარება და მათ დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.

ბაქრაძე ამბობს, რომ ამ დახმარების ფასი ყოველკვირეულად დაახლოებით 10-12 000 ლარია და თანხებს პარლამენტის წევრები „ევროპული საქართველოდან“ საკუთარი ხელფასით ფარავენ.

„ეს გახლავთ ოჯახები, რომლებშიც ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცებულები, ადამიანები, ვისაც არ შეუძლია ქუჩაში გასვლა და არ აქვს იმის სახსრები, რომ შეიძინონ პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები. უკვე სამი კვირაა, ყოველკვირეულად „ევროპული საქართველოს“ მოხალისეებს , რომლებმაც ლუგარის ცენტრში გაიარეს შესაბამისი მომზადება და ტრეინინგი, ოჯახებში მიაქვთ ამ ადამიანებთან საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები. ამ პროგრამის, ამ დახმარების ფასი ყოველკვირეულად გახლავთ დაახლოებით 10-12 000 ლარი და ეს არის თანხა, რომელსაც პარლამენტის წევრები „ევროპული საქართველოდან“ საკუთარი ხელფასით ფარავენ. ჩვენ ამას ვაკეთებდით და ჩვენ გავაგრძელებთ ამ 350 ოჯახის დახმარებას, ოღონდ ამას ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ ზედმეტი პიარისა და საჯაროობის გარეშე. ამიტომ, ჩვენთვის, აბსოლუტურად ნათელი და მკაფიოა, რომ სოციალური სოლიდარობა, ქველმოქმედება და გვერდში დგომა საჭიროებს კონკრეტულ ნაბიჯებს და კონკრეტულ პროგრამებს. ასეთ ნაბიჯებს „ევროპული საქართველო“ დგამდა და მომავალშიც კრიზისის ამოწურვამდე აუცილებლად დავეხმარებით 350 ოჯახს ჩვენი სახსრებით, ჩვენი თანხებით, ჩვენი ნაყიდი პროდუქტებითა და ჩვენი მოხალისეებით, მათ შორის პარლამენტის წევრებით, რომლებიც დადიან და დავდივართ მოხალისეებად ოჯახებში“ , – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის განმარტებით, დახმარება გაგრძელდება და თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს, გადადგას ნაბიჯები მეტი სოციალური სოლიდარობისკენ და გაჭირვებული ადამიანების დახმარებისკენ, ამას მხოლოდ მიესალმებიან.

„ყოველთვის მზად ვიქნებით, ჩვენი შეძლების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველა გაჭირვებულ ოჯახს ამ ქვეყანაში“ , – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.