დავით ბაქრაძე - პატივს ვცემ გიორგი გახარიას ნაბიჯს, რითაც გაჩნდა შანსი, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს
დავით ბაქრაძე - პატივს ვცემ გიორგი გახარიას ნაბიჯს, რითაც გაჩნდა შანსი, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს

თითოეულ ადამიანს, ვისაც აწუხებს და ვინც იბრძვის საქართველოში მშვიდობისთვის, დემოკრატიისთვის, პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართლის შეწყვეტისთვის, მივულოცო დღევანდელი დღე და ვუთხრა დიდი მადლობა. დიახ, ეს არის ქართული საზოგადოების, ქართული ოპოზიციური სპექტრის და პირადად ნიკა მელიას გამარჯვება, რადგან ჩვენ ყველამ ერთად ვაჩვენეთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას არ აქვს მომავალი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, როგორ უნდა გახდეს შესაძლებელი ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე, წესრიგი და საქართველო დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას. როგორც ბაქრაძე ამბობს, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი.

„შერჩევით სამართალს არა აქვს მომავალი, დაპირისპირებას, ზიზღს და აგრესიას, რომელსაც მუდმივად ცდილობს, გამოიწვიოს „ქართული ოცნება“. მაგრამ მთავარი დღეს გახლავთ არა ნიშნის მოგება და საუბარი მიღწეულ შედეგზე. მთავარი გახლავთ, როგორ შევძლოთ ყველამ ერთად, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე, წესრიგი და საქართველო დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას. ამისთვის არსებობს ერთადერთი შესაძლებლობა, ეს არის შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკებების გზით.

მინდა, დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, დავუბრუნდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას, დავუბრუნდეთ იმ საკითხების განხილვას, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში სიმშვიდისა და ნორმალური მომავლისთვის. ეს გახლავთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, სადაც ქართული საზოგადოება გადაწყვეტს, ვინ უნდა მართოს ქვეყანა. ეს გახლავთ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების ერთხელ და სამუდამოდ დასრულება ამ ქვეყანაში. ეს გახლავთ საარჩევნო სისტემის იმგვარად ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა მომავალი არჩევნების ნორმალურად ჩატარებას. დღეს ერთადერთი გამოსავალი ეს არის. მინდა, ვუთხრა „ქართული ოცნების“ იმ გუნდს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება. თქვენმა პოლიტიკამ, თქვენმა უგუნურებამ, საკუთარ ძალაუფლებაზე და სკამებზე ჩამოკიდებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყანა შევიდა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. მიგვიყვანა უდიდესი საფრთხეების წინაშე, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს არეულობა და საქართველოს მომავლის პერსპექტივამ კიდევ უფრო უკან გადაიწიოს. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როცა ხელისუფლება პრაქტიკულად, ჩამოშლილია, ნებისმიერი მცდელობა, გამოსავალი მოიძებნოს იმის ხარჯზე, რომ ერთპარტიული პარლამენტი აირჩევს, დააკომპლექტებს და მანდატს მისცემს პრემიერ-მინისტრს, ასევე მთავრობას, არის წინასწარ განწირული და იქნება ნაბიჯი მომავალი უფრო დიდი დაპირისპირების, დესტაბილიზაციისკენ.

ვიმეორებ, თავად ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც არ გააჩნია მანდატი, ვერ გასცემს ქართველი ხალხის ნდობის მანდატს მთავრობაზე და ეს ვერ და არ იქნება მთავრობა, რომელიც ასახავს ხალხის აზრს. ამიტომ, მინდა, „ქართული ოცნების“ ამ დარჩენილ გუნდს მოვუწოდო, ახლა მაინც დაანებონ თავი იმ კონფროტაციული ნაბიჯების გადადგმას, რომელმაც ასეთ კრიზისში შეიყვანა, პირველ რიგში, თავად „ქართული ოცნება“ და პრაქტიკულად, ჩამოშალა „ქართული ოცნება“, რომელიც ამხელა საფრთხეს უქმნის ქვეყანას. მოლაპარაკებების გზა არის ერთადერთი გზა. დღეს გაჩნდა მოლაპარაკებების პერსპექტივა. აქვე მინდა, ვთქვა, მიუხედავად ჩემი ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულებისა 20 ივნისის შემდეგ გიორგი გახარიას მიმართ, პატივს ვცემ ნაბიჯს, რომელიც დღეს მან გადადგა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რადგან ამ ნაბიჯით გიორგი გახარიამ გააჩინა შანსი, რომ „ქართული ოცნება“ მოეგოს გონს და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას. იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება, რადგან ყველა სხვა გზა მიგვიყვანს „ქართული ოცნების“ უსწრაფეს ჩამოშლამდე. ეს არ არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი ამოცანაა მშვიდობიანად , ხალხთან ერთად, არჩევნების გზით გავისტუმროთ „ქართული ოცნება“, დავასრულოთ პოლიტიკური დევნა და წავიყვანოთ ქვეყანა წინ. ამიტომ, ნიკა მელიას დაჭერაზე საუბრის გაგრძელებაც კი, ერთპარტიული პარლამენტის მიერ მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბრის გაგრძელებაც კი ახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე- ეს არის ფუნდამენტურად არასწორი ნაბიჯები, რომლითაც „ქართული ოცნების“ აი, ეს ნარჩენი გუნდი კიდევ ერთხელ საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. ამას აღარ დაუშვებს არც ქართული საზოგადოება, არც ქართული ოპოზიცია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დღეს ჩვენ, ყველამ ერთად ნიკა მელიას ხელმძღვანელობით, ვაჩვენეთ, რომ ამ ბრძოლაში საქართველო იქნება გამარჯვებული“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. ამის შესახებ  გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.