დავით ბაქრაძე - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესრულებას
„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი დავით ბაქრაძე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ბაქრაძის თქმით, ამნისტია სამ პრინციპს უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის დაზარალებულის აუცილებელ თანხმობას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და მხოლოდ იმ კონკრეტულ დანაშაულებს, რომელზეც მიმდინარეობს უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.
„მინდა, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამნისტიის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ გათვალისწინებული იქნას საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნა და ამნისტია არ შეეხოს ადამიანებს, ვინც გასცა 20 ივნისს ცეცხლის გახსნის ბრძანება, აგრეთვე ვინც განზრახ მძიმედ დასაზიანებლად ესროდა მშვიდობიან დემონსტრანტებს, აუცილებელია ამნისტიის კანონში იმ სამი პრინციპის გათვალისწინება, რომელსაც მოითხოვს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია და რის გარეშეც პირადად მე შეუძლებლად მიმაჩნია კანონის პროექტის მხარდაჭერა:
1. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს დაზარალებულის აუცილებელ თანხმობას – ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ ამ პირის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების მსხვერპლი არ იქნება თანახმა მისთვის პატიებაზე; 2. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას – ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან კონვენციით აკრძალულ სხვა დანაშაულს; 3. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ იმ კონკრეტულ დანაშაულებს, რომელზეც მიმდინარეობს უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა – ეს ნიშნავს, რომ რადგან „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე არ გამოიძია, თუ ვინ იყვნენ 20 ივნისს ბრძანების გამცემი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, მომავალში ობიექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ ამ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, რომელსაც დაუდგინდება ასეთი ტიპის დანაშაული.
მიმაჩნია, რომ ამნისტიის კანონში ამ სამი პრინციპის გათვალისწინებით, ერთი მხრივ, პირნათლად იქნება შესრულებული შარლ მიშელის დოკუმენტი და მეორე მხრივ, დაკმაყოფილდება საზოგადოების სამართლიანი პოზიცია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოლაპარაკებების მთელი პროცესის მანძილზე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიზირებულ საქმეებზე ბრალდებული პირების მიმართ დევნის შეწყვეტა; მაშინ, როცა არასდროს ამ მოლაპარაკებების პროცესში, ხელისუფლებას არ დაუყენებია ბრალდებული სამართალდამცველების ამნისტირების საკითხი. ამიტომ, ახლა, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების ეტაპზე, მხარეების ხელოვნური „გათანაბრება“ და ტოლობის ნიშნების დასმა ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შეთანხმების შესრულებისთვის ხელოვნური პრობლემის შექმნა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, დავით ბაქარძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესრულებას.
„იმ ფონზე, როდესაც ნიკა მელიას პოზიციის გათვალისწინებით – რომელიც პირადად მე კარგად მესმის და სამართლიანად მიმაჩნია – ამნისტიის პროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესში ისედაც ბევრი სირთულე და განსხვავება იქნება გადასალახი, მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესრულებას და სრულად გაითვალისწინოს ამნისტიის კანონში ზემოთ მოყვანილი სამი პრინციპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან შეუძლებლად მიმაჩნია მსგავსი კანონის ინიცირების, განხილვისა და კენჭისყრის პროცესების მხარდაჭერა“, – აღნიშნულია ბაქრაძის განცხადებაში.