დავით ბაქრაძე - მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე, მასში შესულია ისეთი თემები, როგორიცაა პატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნები
დავით ბაქრაძე - მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე, მასში შესულია ისეთი თემები, როგორიცაა პატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნები

ევროკავშირიდან ასეთი რანგის თანამდებობის პირის ჩამოსვლამ შექმნა შესაძლებლობა, რომ შემდგარიყო დღევანდელი შეხვედრა, რომელიც სხვა შემთხვევაში ვერ შედგებოდა ნიკა მელიას დაპატიმრების და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გამო. ცალსახად კარგია, რომ გაჩნდა სივრცე შეხვედრისთვის და დიალოგისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბაქრაძის განცხადებით, ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ნორმალიზაციისთვის.

„მოლოდინი არ უნდა გვქონოდა, რომ ერთ შეხვედრაზე შედგებოდა რაიმე შეთანხმება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით არის შესული ისეთი თემები, როგორიც გახლავთ პატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნების განხილვის საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი გახლავთ ყოვლისმომცველი, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, რა თქმა უნდა არ უნდა ყოფილიყო. შეხვედრის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი და ვიმეორებ, ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და ევროკავშირიც, სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს ექვსი საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს, რომ საქართველოში მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი. ამ ექვს საკითხში შედის მელიას, რურუას საკითხი და რიგგარეშე არჩევნები. თუ ორ კვირაში, ვიდრე ასოცირების შეთანხმების საბჭო შეიკრიბება ბრიუსელში, მოვახერხებთ ამ საკითხებზე წინ ნაბიჯის გადადგმას, ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩნდება შანსი, გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, რომელშიც შეგვიყვანა გაყალბებულმა არჩევნებმა და შემდეგ მელიას დაპატიმრებამ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც დაესწრნენ.