დავით ბაქრაძე - მნიშვნელოვანი და პოზიტიური იქნებოდა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგი შეხვედრისას აქტივისტებიც მონაწილეობდნენ
სამწუხაროდ, „ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა ახალგაზრდებისა და აქტივისტების დაბლოკვა, ვაფიქსირებთ, ეს მიგვაჩნია არასწორად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი და პოზიტიური იქნებოდა, პროცესს აქტივისტებიც დასწრებოდნენ.
„დღევანდელ შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციიდან დაემატება გიორგი ვაშაძე. ჩვენი მოთხოვნა იქნება იგივე, რაც წინაზე, რომ ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები, ვინც ძალიან აქტიურ ნაწილს შეადგენს აქციების. სამწუხაროდ, „ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა მათი დაბლოკვა და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ეს მიგვაჩნია არასწორად. ადამიანებთან საჭიროა ლაპარაკი, საჭიროა ადამიანების მოწვევა მოლაპარაკებების მაგიდასთან. ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური იქნებოდა, რომ ახალგაზრდებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, დღეს ხელისუფლებასთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოხდება საარჩევნო მოდელის მათ მიერ შეთავაზებულ ვერსიაზე საუბარი.
„ვინაიდან, პირველი რაუნდის დროს მე ვიმყოფებოდი ამერიკაში და მონაწილეობას იღებდა გოგა ბოკერია, დღესაც გიგა ბოკერია იქნება ჩვენგან, რომ განგრძობადობა იყოს მოლაპარაკებებზე და ესწრებოდნენ იგივე ადამიანები, ვისაც ახსოვს და იცის, თუ რაზე შედგა საუბარი პირველი რაუნდის განმავლობაში. რაც შეეხება შინაარსს, ჩვენ გადავუგზავნეთ ადაპტირებული გერმანული მოდელი სახალხო დამცველს, ხვალ უკვე ეს მოდელი იქნება გადაგზავნილი ვენაში, ოდირ-ში, რომელიც გახლავთ ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაცია არჩევნების შეფასების საკითხში და ჩვენი პოზიცია არის იგივე, ეს მოდელი არის სრულად კონსტიტუციური. ეს მოდელი გვთავაზობს სრულად კონსტიტუციურ გზას და გამოსავალს ამ ჩიხიდან. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ დავაყენებთ საკითხს, რა არგუმენტი აქვს ხელისუფლებას გერმანული მოდელის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვერ ვისმენთ ვერც ერთ არგუმენტს, გარდა სრულიად დაუსაბუთებელი და თითიდან გამოწოვილი რამისა. დაველოდებით ხელისუფლების პასუხს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი.