დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებზე უნდა გადაეწყოს
პოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადაწყობა მიმდინარე საჭიროებებზე უნდა მოხდეს.
დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა ზედმეტი ხარჯი უნდა შეიკვეცოს და გამოთავისუფლებული თანხა გაჭირვებულ ხალხს მოხმარდეს.
მისი თქმით, ერთი მხრივ, საზოგადოება ჯანდაცვის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს ხედავს, მაგრამ ვერ ხედავს ვერც ერთ ნაბიჯს, რომელიც ადამიანებს კორონავირუსისგან გამოწვეულ ეკონომიკურ ეფექტთან ბრძოლას გაუადვილებს.
„იმ დროს, როცა კარანტინი ცხადდება, ადამიანები აღარ დადიან სამსახურში, მასიურად ხალხს სახლში დარჩენა უწევს და მწვავეა საკითხი, რითი უნდა გაიტანოს თავი მოსახლეობამ. კერძოდ, იმ ადამიანებმა, ვინც შეამცირეს და სამსახურიდან გაუშვეს. ვინც ფორმალურად ჯერ კიდევ სამსახურშია და არ იცის, შემდეგი თვის ხელფასს აიღებს თუ არა. ეს არის უმწვავესი პრობლემა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან ჯერ დაპირების მეტი არაფერი გვესმის“, – აღნიშნავს ბაქრაძე.
დეპუტატი ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოს“ წარმოდგენილი აქვს კომპლექსური და სერიოზული გეგმა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„ჩვენი გეგმის მიხედვით, მთლიანად ბიუჯეტის გადაწყობა უნდა მოხდეს მიმდინარე საჭიროებაზე. ბიუჯეტში ყველა ზედმეტი ხარჯი უნდა შეიკვეცოს და გამოთავისუფლებული თანხა სწორედ გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად უნდა წავიდეს. ეს უნდა იყოს სპეციალური დახმარება სახლში უხელფასოდ გაშვებული ადამიანებისთვის. სახელმწიფომ მათ რვა თვის განმავლობაში ხელფასის 50 პროცენტი უნდა აუნაზღაუროს. ასევე უნდა იყოს 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი, 200 ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისა და პენსიონერებისთვის, ასევე სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს უნდა მოხდეს საპენსიო შენატანების შეჩერება და საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის გაცემა. უნდა მოხდეს გადასახედების შემცირებაც“, – დასძინა ბაქრაძემ.