დავით ბაქრაძე - მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი საზოგადოებაში არსებულ განწყობებს მკვეთრად სცილდება
მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მკვეთრად სცილდება ჩვენს საზოგადოებაში არსებულ განწყობებსა და დამოკიდებულებებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს და „ევროპული საქართველოს“ პოზიციაც იგივეა, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის მოქალაქე არ უნდა ისჯებოდეს პატიმრობით, თუმცა ბაქრაძის თქმით, მარიხუანას ნებისმიერი ფორმით ლეგალიზება სხვა საკითხია.
„მარიხუანას ლეგალიზება გახლავთ საკითხი, რომლის წინააღმდეგია საზოგადოების დიდი ნაწილი. ეს არის ჩვენი პოზიციაც. მთავრობის მხრიდან ამ საკითხის დაძვრა და კანონპროექტის შემოტანა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აღარ ესმის ხალხის განწყობა და საზოგადოების დამოკიდებულება ნარკოტიკის ლეგალიზების მიმართ. ამას კიდევ უფრო აღრმავებს ცალკეული განცხადებები, როდესაც გვესმის, რომ თურმე, მარიხუანა არის ისეთივე სასოფლო კულტურა, როგორც მაგალითად, სიმინდი ან პომიდორი“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ნარკოტიკის მოხმარების წახალისება სრულიად დაუშვებელია.
„ნარკოტიკი არის ცუდი. ეს უნდა ვთქვათ ძალიან მკაფიოდ და არ შეიძლება ასეთი რიტორიკით და ლეგალიზაციის კანონპროექტის შემოტანით ქვეყანაში დავნერგოთ განწყობა, რომ თურმე მარიხუანას და ნარკოტიკის მოხმარება ნორმალურია. ეს არ არის ნორმალური. ადამიანი შეიძლება არ დაიჭირო და უმკურნალო, მაგრამ ნარკოტიკის მოხმარების წახალისება არის სრულიად დაუშვებელი და ის, რაც მთავრობამ შემოიტანა არამხოლოდ მარიხუანას ლეგალიზების დასაწყისია, არამედ რიტორიკის წახალისებაა, რომ ნარკოტიკი და მარიხუანა არ არის ცუდი“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი შეფასებით, ეს ძალიან საშიშია და საზოგადოების დიდ ნაწილს სრულიად სამართლიანად აქვს ნეგატიური პოზიცია აღნიშნული საკითხის მიმართ.
მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.