დავით ბაქრაძე - მამუკა ბახტაძის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგება აშშ-ის ძირითად პოლიტიკურ ლიდერებთან
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება აშშ-ის ძირითად პოლიტიკურ ლიდერებთან.
„ეს არის პრემიერ-მინისტრის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები შედგება ამერიკის შეერთებული შტატების ძირითად პოლიტიკურ ლიდერებთან როგორც უშიშროების საბჭოში თეთრ სახლში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში, რათა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. სწორედ ამ გზავნილებით ჩამოვიდა პრემიერ-მინისტრი“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრები გაიმართება ძირითადი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, მათ შორის მათთან, ვისთანაც ჯერ არ ყოფილა ურთიერთობა.
„ჩვენ შევხვდებით როგორც OPIC-ის ხელმძღვანელობას, ასევე USAID-ის ხელმძღვანელობას. კონგრესში იქნება შეხვედრები როგორც საგარეო, ასევე საფინანსო კომიტეტების წარმომადგენლებთან, რათა ამ მომენტით ვისარგებლოთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისთვის როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯონ ბოლტონთან შეხვედრით დაიწყო. მამუკა ბახტაძე ასევე შეხვდა აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერ ჯონ კორნინს.