დავით ბაქრაძე - ხელისუფლება დღემდე დაკავებულია წარსულთან ბრძოლით, თავის მართლებითა და მტკიცებით, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის
საქართველოს სჭირდება წინსვლა და განვითარება, „ქართულმა ოცნებამ“ კი, ქვეყანას განვითარება ვერ მოუტანა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა, გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის კითხვის – „რა არის თქვენი მთავარი იდეა“ პასუხად.
ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება დღემდე წარსულთან ბრძოლითა და თავის მართლებით არის დაკავებული.
„ჩვენი მთავარი იდეა არის ის, რომ საქართველოს სჭირდება წინსვლა, საქართველოს სჭირდება განვითარება. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას ვერ მოუტანა განვითარება. ხელისუფლება დღემდე დაკავებულია წარსულთან ბრძოლით, ხელისუფლება დღემდე დაკავებულია თავის მართლებითა და დღემდე დაკავებულია იმის მტკიცებით, რომ ქვეყანაში ყველაფერი არის კარგად და ხალხი ვერ იგებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, საქართველო დღეს არის ცუდად და შველა სჭირდება.
„ქალბატონმა სალომემ ბრძანა, არც ისე ცუდად არის საქართველოო. ცუდად არის ქალბატონო სალომე საქართველო და თქვენ რომ ხალხში დადიოდეთ, თქვენ რომ ხალხს ეკონტაქტებოდეთ, ნახავთ, რომ საქართველო არის ცუდად და ცუდად ყოფნას სჭირდება შველა“, – მიმართა დებატებში მონაწილე პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დავით ბაქრაძემ.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ შველა მდგომარეობს ხელისუფლების შეცვლასა და ქვეყნის წინ წაყვანაში.
„შველა არის დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა. შველა არის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსვლა და განსხვავებული არჩევანის გაკეთება. შველა არის ქვეყნის წაყვანა წინ მომავლისკენ, ყოველგვარი დაპირისპირებისა და შურისძიების გარეშე“, – აღნიშნა მან.
თუმცა, ბაქრაძის თქმით, ქვეყნის წინ წაყვანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც არ იქნება კაბინეტში გამოკეტილი და ფურცელსა და უფლებებზე ჩამოკიდებული, ასევე, ხალხს ზემოდან არ შეხედავს და არ იტყვის, რომ ხალხის ზემოთაა.
„გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც იქნება თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი საქართველოში, ვისაც ეცოდინება მათი გაჭირვება, ვისაც ეცოდინება მათი პრობლემა და ვინც თავს ჩათვლით ვალდებულად, დაეხმაროს თითოეულ ადამიანს ქვეყანაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ ეს არის წინსვლა, რომელიც ქვეყანას სჭირდება.
„აი ეს არის წინსვლა. ქვეყანას სწორედ წინსვლა სჭირდება, სწორედ ხალხის პრეზიდენტი სჭირდება და არა კაბინეტში გამოკეტილი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ხედავს ხალხზე ზემოთ. ეს არის ის მთავარი დაპირება, რომლითაც ჩვენ მოვდივართ – ცვლილება, უკეთესობა, მშვიდობიანი განვითარება, რადგან დღეს საქართველოს უჭირს, დღეს ქვეყანა არის კრიზისში და ის, რომ ქვეყანა არც ისე ცუდად არის, მიმაჩნია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვერც „ქართული ოცნება“, თუნდაც გუშინ მისი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ აღმშენებლობა მიდის და ვერც მისი კანდიდატი ქალბატონი ზურაბიშვილი ვერ ხედავენ და ვერ აფასებენ პრობლემებს, რომელიც დღეს ქვეყანაშია“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე შეფასებით, სწორედ ამისთვის არის საჭირო მშვიდობა, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და წინსვლა.
პირველი არხის ეთერში დებატები პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ დავით ბაქრაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის იმართება.