დავით ბაქრაძე - კელი დეგნანთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორ სახელმწიფოს შორის მტკიცე ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო ნაბიჯები
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს რეზიდენციაში სტუმრობდა. დავით ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი თემა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შედეგად ორ ქვეყანას შორის სამომავლოდ დასახული ნაბიჯების განხილვა იყო.
„სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შედეგად გამართული ორმხრივი შეხვედრების შედეგად, დაისახა საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯები. ყოველთვის სასარგებლოა ჩემი თბილისში ვიზიტის დროს, ქალბატონი დეგნანის ვაშინგტონში სტუმრობის დროს ჩვენი შეხვედრები, რაც ხელს უწყობს, ორი საელჩოს მხრივ ამ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რა დროსაც ჩვენ განვიხილეთ ორ სახელმწიფოს შორის მტკიცე ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო ნაბიჯები. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს სახელმწიფოებს შესაბამის დედაქალაქებში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ვიზიტებით, რომელიც განხორციელდა, ხელი შევუწყოთ ამ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სპექტრი თანამშრომლობის, საკითხების, რომლებზეც ვმუშაობთ, რომელტა ხელშეწყობა და განხორციელება მხოლოდ ვაშინგტონში ან მხოლოდ თბილისში ვერ ხერხდება, ან უფრო იოლად ხერხდება ორმხრივი ძალისხმევით ძალიან კარგი ურთიერთობების ფონზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კითხვაზე, რა სახის სამომავლო გეგმებზე იყო საუბარი შეხვედრაზე, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საუბარი იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებებზე.
„ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ერთად ძალიან დიდი სპექტრი. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენი ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე. ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ ურთიერთობის გაღრმავებას ყოველდღიური მუშაობით, მთავრობათაშორისი ურთიერთობით, საელჩოების მუშაობით, რადგან ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ამერიკისთვის ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და უსაფრთხოება რეგიონში არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელშიც საქართველო თამაშობს ასევე მნიშვნელოვან როლს. თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებზე ჩვენ 2016 წელს მოვაწერეთ ხელი თავდაცვისა და უსაფრთხოების მემორანდუმს. 2017 წლიდან ამოქმედდა საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამა. ამის ფარგლებში ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ვაახლებთ ამ პროგრამას და მოიცავს მიმართულებებს, მათ შორის, როგორიც არის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, ნატო-სთან თავსებადობა, შავი ზღვის უსაფრთხოება. მიმართულებით ამ ყველა იწერება ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დარჩა აშშ-ის სახელმწიფი მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის დასრულების შემდეგ და იყო თუ არა ეს წინასწარ გათვალისწინებული, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ფილიპ რიკერის თანამდებობა ევროპისა და აზიის მიმართულებას ფარავს, მაიკ პომპეომ კი ტურნე ახლო აღმოსავლეთში განაგრძო, შესაბამისად, რიკერი საქართველოში დარჩა და შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდა.
„როდესაც დაიგეგმა ვიზიტი და განისაზღვრა დეტალები, ბატონი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რიკერი ფარავს მიმართულებას, რომელიც ევროპასა და ევრაზიას მოიცავს, ამიტომ ის ახლდა სახელმწიფო მდივანს ევროპასა და ევრაზიაში. შემდგომ, როდესაც სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გაგრძელდა ახლო აღმოსავლეთში, ის უბრალოდ დარჩა და აქედან გაბრუნდა ვაშინგტონში. ამიტომ ეს განსაზღვრული იყო, რომ ამ პერიოდით რჩებოდა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.