დავით ბაქრაძე - იმედი მაქვს, რომ ერთიანი სია არ არის საბაბი, რომ შეფერხდეს ან ხელი შეეშალოს მაჟორიტარებზე შეთანხმებას
საერთო მაჟორიტარების დაყენება და ცალ-ცალკე სიით გასვლა, ეს არის სწორი ფორმულა ოპოზიციის გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
დავით ბაქრაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე -„ახლა შურის, ბოღმის დრო არ არის, ძველი ანგარიშების გასწორების დრო არ არის, ჩემთან დატოლების დროც არ არის, რადგან გარწმუნებთ, ვერ დამეტოლებით“.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძოა ერთიან მაჟორიტარებზე შეთანხმება, პირველ რიგში, თბილისში.
„იმედი მაქვს, რომ ერთიანი სია არ არის საბაბი, რათა შეფერხდეს ან ხელი შეეშალოს მაჟორიტარებზე შეთანხმებას. ჩვენი პოზიცია არის ნათელი. ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძოა ერთიან მაჟორიტარებზე შეთანხმება, პირველ რიგში, თბილისში. რაც შეეხება სიას, მარტივი სურათია. ოპოზიციის შემთხვევებში მაჟორიტარების დროს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ ხმებს. ყველა სხვა ხმა იკარგება. მაშინ, როცა პარტიული სიის შემთხვევაში ყველა ხმა იკრიბება. ამიტომ ჩვენი პოზიცია სრულიად ბუნებრივია. იქ, სადაც ხმები იკარგება, ვითანამშრომლოთ და გვყავდეს საერთო კანდიდატი, რათა ოპოზიციის არც ერთი ხმა არ დაიკარგოს. მაგრამ იქ, სადაც ხმები იკრიბება, პირიქით, ყველა პარტიამ მაქსიმალურად მოიტანოს საკუთარი მხარდაჭერა და ეს ხმები შეიკრიბოს. ამიტომ ფორმულა და პოზიცია, რომელსაც ვთავაზობთ, ჩვენ გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები და ყველა პარტია სათითაოდ თავისი პარტიული სიით წარდგეს, არის სწორედ ის ფორმულა, რომელიც გამოიწვევს ოპოზიციის ხმების მაქსიმალურად გაზრდას. რომელიც ჩვენს ამომრჩეველს აჩვენებს, რომ ოპოზიცია არის მრავალფეროვანი და არ არის მხოლოდ ორი პოლუსი ან ერთი არჩევანი და ან მეორე. რომელიც საბოლოო ჯამში მკვეთრად გაზრდის ოპოზიციის გამარჯვების შანსებს. ჩვენ განვიხილავთ და არ ვუჭერთ მხარს ერთიანი სიის იდეას და მიგვაჩნია, რომ სწორედ საერთო მაჟორიტარების დაყენება და ცალ-ცალკე სიით გასვლა, ეს არის სწორი ფორმულა ოპოზიციის გამარჯვებისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.