დავით ბაქრაძე - დებატები სახელისუფლო კანდიდატის ყოფნის პირობებში უნდა იმართებოდეს
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს არ მიაჩნია მიზანშეწონილად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ დებატები მხოლოდ ოპოზიციის კანდიდატებს შორის წარიმართოს.
მისი თქმით, დებატები სახელისუფლო კანდიდატის ყოფნის პირობებში უნდა იმართებოდეს.
„არჩევნების წინ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, გაიმართოს დებატები ოპოზიციის კანდიდატებს შორის, რადგან როდესაც ოპოზიცია ერთმანეთს ედებატება და ებრძვის, ამით ხელისუფლებას აძლიერებს. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზადყოფნას, მივიღო მონაწილეობა დებატებში, სადაც იქნება წარმოდგენილი სახელისუფლო კანდიდატი და მათ შორის ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან, ოპონენტებთან თუ პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელოთ და ვიდებატოთ ყველა თემაზე. ეს უნდა ხდებოდეს სახელისუფლებო კანდიდატის ყოფნის პირობებში, ვინაიდან ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის მთავარი ოპონენტი გახლავთ ხელისუფლების წარმომადგენელი და არა სხვა ოპოზიციური კანდიდატები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს: ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 8 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 9 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 15 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს 22 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე და ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე.
პირველი არხი საეთერო დროს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს თანაბრად უთმობს. 28 ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაყურებელს საშუალება ექნება, საპრეზიდენტო კანდიდატებს სამ სხვადასხვა ფორმატში გაეცნოს.