დავით ბაქრაძე – დებატები სახელისუფლო კანდიდატის ყოფნის პირობებში უნდა იმართებოდეს
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს არ მიაჩნია მიზანშეწონილად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ დებატები მხოლოდ ოპოზიციის კანდიდატებს შორის წარიმართოს.
მისი თქმით, დებატები სახელისუფლო კანდიდატის ყოფნის პირობებში უნდა იმართებოდეს.
„არჩევნების წინ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, გაიმართოს დებატები ოპოზიციის კანდიდატებს შორის, რადგან როდესაც ოპოზიცია ერთმანეთს ედებატება და ებრძვის, ამით ხელისუფლებას აძლიერებს. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზადყოფნას, მივიღო მონაწილეობა დებატებში, სადაც იქნება წარმოდგენილი სახელისუფლო კანდიდატი და მათ შორის ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან, ოპონენტებთან თუ პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელოთ და ვიდებატოთ ყველა თემაზე. ეს უნდა ხდებოდეს სახელისუფლებო კანდიდატის ყოფნის პირობებში, ვინაიდან ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის მთავარი ოპონენტი გახლავთ ხელისუფლების წარმომადგენელი და არა სხვა ოპოზიციური კანდიდატები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.