დავით ბაქრაძე - ჩვენი ვალია, ბოლომდე მივიყვანოთ ბრძოლა, რომ საოკუპაციო რეჟიმი აღარ ხოცავდეს ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მსგავს ვაჟკაცებს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა 1921 წლის 25 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს და იუნკერების მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.
„საქართველოს ისტორია ეს არის უწყვეტი ბრძოლა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, ჩვენი ვალია, ბოლომდე მივიყვანოთ ბრძოლა, რომ საქართველოში საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მსგავს ვაჟკაცებს აღარ ხოცავდეს. ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ საქართველო, რომელიც იქნება თავისუფალი, ერთიანი და ევროპული ქვეყანა. სწორედ ეს იქნება ჩვენგან გადახდილი ვალი იმ გმირების ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.