დავით ბაქრაძე - მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე ახალი არჩევნები დაინიშნოს
ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს და მათგან ველოდებით აზრიან შეთავაზებას, სად შეიძლება გადიდოდეს შესაძლო შეთანხმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა, რომელსაც ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებოდა.
ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებასთან არ და ვერ იქნება შეთანხმება იმაზე, რომ დავიწყებული იყოს არჩვნების გაყალბება.
„გვქონდა შინაარსობრივი დისკუსია, სად შეიძლება გადიოდეს კომპრომისის ხაზი, რომელიც ქვეყანას მისცემს საშუალებას, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეს. ყველას კარგად გვესმის, რომ იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც საქართველოშია ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის გამო, აუცილებელია, ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხალხის ნდობის მანდატი და არა – თამარ ჟვანიას. ამ შემთხვევაში, პარტიული ინტერესი მეორეხარისხოვანი უნდა იყოს და საზოგადოებისა და ქვეყნის პოზიციიდან უნდა ამოვიდეთ. ჩვენი პოზიცია მყარია, რომ ქვეყნის ინტერესშია თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც გამოარკვევს, ვის აქვს ამ ქვეყანაში ნდობის მანდატი. ამ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ყველა დამატებით ინიციატივაზე, რა უნდა შეიცვალოს, როგორ უნდა შეიცვალოს, მათ შორის საარჩევნო კოდექსი, კომისიის შემადგენლობა, მათ შორის სხვა კონკრეტული ფაქტორები იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები იყოს მართლაც თავისუფალი.
ელჩების მხრიდან ნამდვილად არის იმის სურვილი, რომ მხარეებს შორის იყოს მიღწეული შეთანხმება და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. ჩვენი მხრიდან მზაობა არის, რომ გზები მოიძებნოს, რათა კრიზისიდან გამოვიდეთ. შეთანხმების თემა შეიძლება იყოს, როგორ ვამთლიანებთ საზოგადოებას და როგორ ვიღებთ იმ მთავრობას, რომელსაც აქვს ხალხის მანდატი და არა თამარ ჟვანიასი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამასთან, ბაქრაძის თქმით, მზად არიან, კანონმდებლობის შესაცვლელად და გაზაფხულზე ახალი არჩევნების დასანიშნად, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ითანამშრომლონ პარლამენტის უმრავლესობასთან, რაც მათი მხრიდან პოლიტიკური კომპრომისია.
„ამ პარლამენტის არჩევის ლეგიტიმურობას ჩვენ არ ვაღიარებთ, მაგრამ როგორც პოლიტიკური კომპრომისი და ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტის უმრავლესობასთან და იმ ერთადერთ პარტიასთან, რომელიც პარლამენტშია. მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები.
ჩვენი მხრიდან ეს არის კიდევ ერთი კომპრომისი. ჩვენ მზად ვართ, არა შესვლის გზით, რადგან შესვლა ნიშნავს აღიარებას და ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს, მაგრამ გარედან სამუშაო გზით ვითანამშროლოთ ამ პარლამენტთან, რათა საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს და გაზაფხულზე არჩევნები დაინიშნოს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.