საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ, შეხვედრები გამართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვაჭრობისა და შემოსავლების კომიტეტის წევრებთან, კონგრესმენ დონ ბეიერთან და კონგრესმენ ადრიან სმიტთან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგს. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის ერთგულ და საიმედო სტრატეგიულ პარტნიორობას და ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული პარტნიორობის მომავალში კიდევ უფრო განვითარების პოტენციალზე, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროებში. ხაზი გაესვა აშშ-ის პოლიტიკური წრეების მხარდაჭერას საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხში, რაც არაერთხელ გამოიხატა, მათ შორის, კონგრესმენების მხარდამჭერ განცხადებებსა და წერილში.
საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისა და რთული ჰუმანიტარული ვითარების, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ საჰაერო ფრენების შეჩერების თაობაზე.
აღინიშნა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარება. ელჩმა ასევე ისაუბრა აშშ-ის კონგრესში წარდგენილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ერთსულოვნად დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის მნიშვნელობაზე და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ აქტის უახლოეს პერიოდში დამტკიცების იმედი გამოთქვა. კონგრესმენებმა გამოხატეს მხარდაჭერა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მიმართ.