დავით ბაქრაძე - არ შეიძლება, ხელისუფლება მეგობარ სახელმწიფოს მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას არ ულოცავდეს
უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა უკრაინელი ხალხისა და უკრაინული სახელმწიფოს მიღწევაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია ყველა ნაბიჯი, რომელი უკრაინის დამოუკიდებლობას აძლიერებს.
„მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც განამტკიცებს და აძლიერებს უკრაინის დამოუკიდებლობას, რომელიც უკრაინაზე რუსეთის გავლენას ზღუდავს და უკრაინელი ხალხის ინტერესს შეესაბამება. ზუსტად ისე, როგორც ქართული ეკლესიის ავტოკეფალია არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ძალიან დიდი მიღწევა, უკრაინული ეკლესიის დამოუკიდებლობაც უკრაინელი ხალხის და უკრაინული სახელმწიფოს მიღწევაა. ამიტომ არ შეიძლება, ხელისუფლება მეგობარ სახელმწიფოს არ ულოცავდეს, როდესაც მათ ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ხდება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ეკლესიას საკუთარი პოზიცია აქვს და საკუთარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„ჩვენ ეკლესიის გადაწყვეტილებაში ვერასდროს ვერ და არ ჩავერევით. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ როგორც პოლიტიკოსებს და საქართველოს მოქალაქეებს, უფლება გვაქვს, ჩვენი აზრი გვქონდეს. უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია შეესაბამება არა მხოლოდ უკრაინული, არამედ ქართული სახელმწიფოს ინტერესსაც, ამიტომ ვულოცავთ ჩვენ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ეს კანონიკური მილოცვა არ არის“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
დეპუტატის შეფასებით, კანონიკურ გადაწყვეტილებას წმინდა სინოდი და საქართველოს ეკლესია მიიღებს.
„როგორ შეიძლება, ვინმეს ჩვენთვის საქართველოს ავტოკეფალია არ მოელოცა და ეთქვა, რომ უნდა დაველოდო, რას იტყვის რუსეთის პატრიარქი და მერე მოგილოცავთ ქართველებს ავტოკეფალიასო. სწორი იქნებოდა ხელის გაშვერა ეკლესიისკენ და დამალვა?“ – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
მისი თქმით, ხელისუფლებას თავისი გასავლელი გზა აქვს და სამწუხაროა, რომ ის იმალება.
„პოზიცია, რომ ჯერ ეკლესიამ თქვას და მერე ჩვენ ვიტყვით, კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ხელისუფლების სრულ უსუსურობაზე ან იმაზე, რომ მათთვის რუსეთის აზრი უფრო წინ დგას, ვიდრე უკრაინის მიღწევები. ხელისუფლებას ჩვენი გასავლელი გზა გვაქვს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ამჯერადაც იმალება და საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.