დავით ბაქრაძე - აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტისთვის ნათელი ტესტი იქნება
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმის გამოუძიებლობა საქართველოს ინტერესის ფუნდამენტურად დაზიანებას ნიშნავს. ამის შესახებ ბაქრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი განიხილება.
საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს.
„აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ნათელი ტესტი იქნება, შეუძლია თუ არა ამ პარლამენტს, რაიმე ფორმით, სრულფასოვნად გაუწიოს ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებას, მით უმეტეს ისეთ საკითხში, სადაც სრულიად ლეგიტიმური ინტერესი არსებობს, რომ დაცული იყოს ქართული სახელმწიფოს ღირსება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე შეფასებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოუძიებლობა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო დონეზეც აზიანებს.
„აფგან მუხთარლის საქმე დიდ ზიანს აყენებს საქართველოს. ევროპარლამენტში ვიზიტის დროს საყვედურების მოსმენა მოგვიწია ევროპარლამენტარებისგან, რატომ არ აქტიურობს უფრო მეტად პარლამენტი და ოპოზიცია მუხთარლის საკითხის გამოძიებაში და დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი საყვედურების მოსმენა უწევთ ჩვენს კოლეგებს უმრავლესობიდან, ვინც ამ საკითხზე მუშაობს და კომუნიკაცია აქვს ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს მიაჩნია, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას.
„თუ ამ ქვეყანაში ჟურნალისტს იტაცებენ შუა ქალაქში და უკანონოდ გადაჰყავთ სხვა სახელმწიფოში, ეს საკითხი არ იმსახურებს გამოძიებას? თუ ამას აკეთებს სახელმწიფო. ვთქვათ, ეს სახელმწიფომ არ გააკეთა, კიდევ უარესი ჩვენთვის, ეს ნიშნავს, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია, ადამიანი მოიტაცონ, ტომრით მანქანაში ჩატენონ და შემდეგ ამ ადამინმა სხვა ქვეყანაში მოიხსნას ტომარა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.