ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება 19 პაციენტი, სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობს 95 პაციენტი, რომელთაგანაც 63 არის პედიატრიული ასაკის, ხოლო ამ 63-ის 80% არიან წლამდე ასაკის ბავშვები. ინტენსიური თერაპია-რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება 19 პაციენტი, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა, დათო რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 19 პაციენტიდან უმტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სამის მდგომარეობა კი, კრიტიკულად მძიმეა.
„ჩვენი კლინიკა კოვიდის მიმართულებაში ასრულებს რეფერალური კლინიკის მოვალეობას, ამიტომ ჩვენთან გუშინ მოხდა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი ქრონიკული პაციენტის გადმოყვანა, რომელიც ასევე დაავადდა კოვიდით და შესაბამისად, მოთავსდა ჩვენს კლინიკაში. იგი პალიატიური პაციენტია, რომელიც დიდი ხანია, მკურნალობდა პალიატიურ მიმართულებაში. შესაბამისად, მისი მდგომარეობა ისედაც მძიმე იყო. იმყოფებოდა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ამიტომ, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სიმძიმის კუთხით უცვლელი, ისევ რჩება მძიმე კრიტიკულად. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომართვიანობა შემცირებულია და ამიტომ კლინიკას აქვს საშუალება, მიიღოს პაციენტები, როგორც პედიატრიულ მიმართულებაში, ასევე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.