დასავლეთ საქართველოს სოფლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანა-ლაბორატორია მოემსახურება
აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დასაცავად დღეიდან დასავლეთ საქართველოს სოფლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური მანქანა-ლაბორატორია მოემსახურება. მოძრავი ლაბორატორია აღჭურვილია საველე სამუშაოებისათვის საჭირო თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მობილური ლაბორატორიის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ადგილზე შეამოწმოს მცენარეების ნიმუშები და მავნებლების ან სხვა დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტოს ფიტოსანიტარი სპეციალისტებისგან მიიღოს რეკომენდაციები საკარმიდამო ნაკვეთებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოქმედებს სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც მათ მიაწვდიან ინფორმაციას მცენარეთა დაავადებების შესახებ და გაუწევენ კონსულტაციას, რა პრეპარატებით ებრძოლონ ამა თუ იმ დაავადებას.
ამასთან, დღეს გასვლითი შეხვედრები გაიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში – კირცხი, ქვედა ჩხოროწყუ, ლესიჭინე, რომელშიც ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წევრებთან ერთად, ჩართული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე შემოწმდა მოსახლეობის მიერ მოტანილი ხილ-ბოსტნეულის ნიმუშები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანია მცენარეთა მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ფიტოსანიტარიული ზომების მიღება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის სისტემის გაძლიერება.