დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ მომავალ გზაზე მოძრაობა კვლავ გართულებულია
დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ მომავალ გზაზე მოძრაობა რამდენიმე საათია გართულებულია. როგორც მოქალაქეები ამბობენ, ძეგვის ტერიტორიზე არიან გაჩერებულები და გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადება ორი დღის წინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 25-ე კმ-ზე მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია.
ამასთან, როგორც პირველ არხს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული გზის მონაკვეთზე არსებულ ხიდზე, რომელიც მათი თქმით, ავარიული იყო, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე თქმით, თანამშრომლობენ საპატრულო პოლიციასთან და შემოვლით გზებზე მოძრაობა გადანაწილებულია.
„ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე ცალმხრივად შეზღუდულია. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ავარიული ხიდი იყო და გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება, რათა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდეს. ვთანამშრომლობთ საპატრულო პოლიციასთან, შემოვლითი გზებზე გადანაწილებულია მოძრაობა“,- განაცხადეს გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები 10-12 დღის განმავლობაში დასრულდება.