„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს დაიწყო. ორგანიზატორების განცხადებით, კვირეულის ფარგლებში სამი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. მათი თქმით, ეს ძირითადად კულტურული ღონისძიებებია, ასევე იქნება „ღირსების მარში“, რომელიც კვირეულს დაასრულებს.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი ძირითადი მიზანი თანამოქალაქეებისთვის იმის ახსნაა, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. წლევანდელი ღონისძიების ლოზუნგია „სოლიდარობა“.
ამ დროისთვის ხმაურია „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ღონისძიების გამართვის ადგილთან, სადაც პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილნი.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა იმ ბილიკის დაკავება სცადეს, რომლითაც პრაიდის კვირეულის მონაწილეები ღონისძიების გამართვის ადგილზე უნდა შევიდნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.