თამაზ სოზაშვილი - „თბილისი პრაიდის“ პირველი ღონისძიება შედგა, იმედი მაქვს, კვირეულის დანარჩენ ორ ღონისძიებასაც ასეთივე წარმატებით ჩავატარებთ
თამაზ სოზაშვილი - „თბილისი პრაიდის“ პირველი ღონისძიება შედგა, იმედი მაქვს, კვირეულის დანარჩენ ორ ღონისძიებასაც ასეთივე წარმატებით ჩავატარებთ

პირველი ღონისძიება, ფილმის „ღირსების მარში“ პრემიერა შედგა და დასრულდა ძალიან წარმატებულად, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორმა, თამაზ სოზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე საკმაოდ ეფექტურად იმუშავა.

„მინდა, მივულოცო „თბილისი პრაიდის“ თითოეულ წევრს, ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს და ჩვენ მხარდამჭერებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იმედი მაქვს, სწორედ ეს მუხტი და შემართება გაგრძელდება და ისეთივე წარმატებით ჩავატარებთ პრაიდის კვირეულის დანარჩენ ორ ღონისძიებასაც. ყველა ვხედავთ, რომ ამით ქართველობა არავის ერთმევა და დარწმუნებული ვარ, მაყურებლისთვისაც გაუგებარი იქნება, რატომ ხდება ეს აურზაური გარეთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე იმუშავა საკმაოდ ეფექტურად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დაძაბულობის ფონზე უსაფრთხოება გარანტირებული იყო. მთავრია, ბოლომდე შეინარჩუნონ ეს სიმშვიდე და დღევანდელი დღეც შსს-თვის იქნება ერთგვარი გაკვეთილი, რომ შემდეგში უფრო ეფექტიანი გახდეს“,- განაცხადა თამაზ სოზაშვილმა.

„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.