დანიაში ფერმებიდან გაქცეულმა ასობით ინფიცირებულმა წაულამ კორონავირუსი შეიძლება ველურ ბუნებაში გაავრცელოს — #1tvმეცნიერება
დანიაში ფერმებიდან გაქცეულმა ასობით ინფიცირებულმა წაულამ კორონავირუსი შეიძლება ველურ ბუნებაში გაავრცელოს — #1tvმეცნიერება

დანიაში, ბეწვის ფერმებიდან SARS-CoV-2-ით ინფიცირებული ასზე მეტი წაულა გაიქცა, რაც ქმნის საშიშროებას, რომ ახალი კორონავირუსი ველურ ცხოველებშიც გავრცელდეს და ვირუსისთვის ახალი რეზერვუარი წარმოიქმნას.

„ყოველწლიურად ათასობით წაულა გარბის და წელს, გაქცეულ ცხოველთა დაახლოებით ხუთი პროცენტი შეიძლება SARS-CoV-2-ით (COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი) იყოს ინფიცირებული“, — ამბობს The Guardian-თან საუბრისას დანიის ვეტერინარიისა და სურსათის ადმინისტრაციის ვეტერინარულ კვლევათა მენეჯერი სტენ მორტენსენი.

ამ წაულებმა კორონავირუსი შეიძლება ველურ ცხოველებში გაავრცელონ, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბეწვის ფერმებში ამჟამად მილიონობით წაულას ანადგურებენ.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე ასეულმა ფერმამ მათ წაულებში ინფექცია SARS-CoV-2-ის გავრცელება დაადასტურა, ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, დანიის მთავრობამ ქვეყნის ყველა ფერმაში წაულების განადგურების ბრძანება გასცა.

დანიის ჯანდაცვის უწყებებმა დაადგინეს, რომ წაულებში ცირკულირებისას ვირუსმა გენეტიკური მუტაციები განიცადა და მუტაციაგანცდილი ვირუსი მათგან რამდენიმე ადამიანსაც გადაედო. ჯანდაცვის უწყებები შიშობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუტანტი ვირუსი უფრო მეტ ადამიანში გავრცელდა, შესაძლოა, მის წინააღმდეგ COVID-19-ის ვაქცინები ნაკლებად ეფექტიანი გახდეს.

ამ მოსაზრებას ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან არ არსებობს საიმისო მტკიცებულება, რომ მუტაციაგანცდილი ვირუსი ვაქცინებისადმი რეზისტენტული იქნება. გარდა ამისა, Associated Press-ის ცნობით, დანიის მთავრობას ფერმერებისთვის ჯანმრთელი წაულების განადგურების ბრძანების მიცემას კანონის საფუძველზე არ შეუძლია; მიუხედავად ასეთი საეჭვო კანონიერებისა, დანიის 17 მილიონი წაულადან 10 მილიონამდე უკვე გაანადგურეს.

გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში მუტანტი ვირუსის გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ხელისუფლება შიშობს, რომ ვირუსი შეიძლება შეუმჩნევლად ვრცელდებოდეს ველურ ბუნებაში.

მორტენსენის განცხადებით, ზოგადად, წაულები ძალიან „მარტოსული“ არსებები არიან და ამიტომ, მათგან ვირუსის სხვა ცხოველებზე გადადების რისკი შეიძლება დაბალი იყოს.

მისივე თქმით, ვირუსის გადადების თვალსაზრისით ყველაზე მოწყვლადნი არიან თავისუფლად მოხეტიალე კატები და სინდიოფალას ოჯახის წარმომადგენლები, რომლებმაც შეიძლება ინფიცირებული წაულა შეჭამონ ან შეხება ჰქონდეთ მათ ფეკალიებთან.

მაგალითად, Journal of Zoology-ს მონაცემებით, დანიაში გავრცელებულია ქრცივნებისა და წაულების ახლო ნათესავის — ევროპული ქრცვინების (Mustela putorius) ველური პოპულაციები.

„ველურ ცხოველებში SARS-CoV-2-ის უკონტროლოდ გავრცელების შემთხვევაში, ვირუსმა შეიძლება ცირკულირება სხვადასხვა სახეობაში დაიწყოს, რაც ადამიანებისა და ცხოველებისთვის პანდემიის მუდმივ საშიშროებას ქმნის“, — ამბობს როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის ვირუსის მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი მერიონ კუპმენსი.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიკრიბიოლოგის, ჯოან სანტინის განცხადებით, ასევე შესაძლებელია, რომ ცირკულირებასთან ერთად, ვირუსმა მუტაცია განიცადოს და დააინფიციროს ცხოველთა ისეთი სახეობები, რომლებსაც ამჟამად ვერ აინფიცირებს.

ფერმის წაულებში SARS-CoV-2-ის გავრცელების შემთხვევები ამჟამად დაფიქსირებულია ნიდერლანდებში, ესპანეთში, შვედეთსა და აშშ-შიც; ამის გამო, ყველა ამ ქვეყანაში უკვე გაანადგურეს ათასობით წაულა.

The Guardian-ის ცნობით, წაულებისა და მათი ინდუსტრიის გადასარჩენად, ამჟამად აშშ-ში მუშაობენ კორონავირუსის ვაქცინაზე წაულებისთვის.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.