დამწვრობის ცენტრს, ბოლო 10 დღეში, პიროტექნიკით დაშავებულმა 25 პაციენტმა მიმართა
დამწვრობის ცენტრს, ბოლო 10 დღის განმავლობაში, პიროტექნიკით დაშავებულმა 25 პაციენტმა მიმართა.
ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, დაზიანებები მსუბუქი იყო და პაციენტები კლინიკიდან მალევე გაწერეს.
გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ბოლო ათი დღის განმავლობაში დამწვრობის ცენტრში შემოვიდა 25 პაციენტი. საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი მძიმე არ იყო და მიეცათ დანიშნულებები. დაშავებულებს შორის 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებიც იყვნენ, ასევე მოზრდილები, რომელთა უმრავლესობას მარჯვენა მტევანი ჰქონდა დამწვარი. მინდა, მოსახლეობა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო, მოერიდონ პიროტექნიკის არასწორ გამოყენებას. ასევე, მივმართავ მშობლებს, სჯობს, 20 წუთი დახარჯონ ბავშვებთან სასაუბროდ და აუხსნან, რომ ყველაზე იაფფასიანი პიროტექნიკაც კი გარკვეულ მუხტს შეიცავს და მისი არასწორი მოხმარება სერიოზულ დაზიანებებს იწვევს“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.