საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წელს პირველად მთაში, კერძოდ, სვანეთში ორდღიანი ფესტივალით დაიწყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში დაგეგმილი ღონისძიებების სლოგანია „იგრძენი თავისუფლების ძალა მთაში“.
„25-26 მაისის განმავლობაში მესტიის მცხოვრებლებსა და სტუმრებს შეეძლებათ სამ სხვადასხვა გარემოში სხვადსხვა სეზონში მოხვდნენ: სათხილამურო სპორტის მოყვარულებს კურორტი თეთნულდი უმასპინძლებს, ჰეშკილის ულამაზეს გარემოში კი მთის სტუმრებს დახვდებათ კემპინგი და ფერადი კარვები, მოსასვენებელი სივრცე, გასართობი აქტივობები ბავშვებისა და მოზარდებისთვის, სხვადასხვა სახის შეჯიბრი, თამაშები და კარაოკე. ჰეშკილის ცის საქანელა კი, განსაკუთრებულ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის იქ ჩასულ სტუმრებს.
ასევე ორი დღის განმავლობაში მესტიის ცენტრში, სეტის მოედანზე იგეგმება შემეცნებით-გასართობი აქტივობები, განთავსდება საბავშვო სივრცეები, სტუმრებს გაართობენ ილუზიონისტები და აკრობატები, გაიმართება შეჯიბრი მკლავჭიდში, ჭადრაკში, ნარდსა და კლდეზე ცოცვაში, თეატრალიზებული საბავშვო წარმოდგენა, ფოლკლორული კონცერტი, იმღერებენ მოწვეული ჯგუფებიც.
სვანეთის მოსახლეობისთვის და მთის სტუმრებისთვის გაიმართება: უშბისა და თეთნულდის გმირების ფოტოგამოფენა, ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად შექმნილ არტ-სივრცეში კი, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, ისტორიული და ახალი ფილმების ჩვენება სვანეთზე, შემეცნებით-გასართობი აქტივობები ბავშვებისა და დიდებისთვის.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ყველაზე ადრე სწორედ სვანეთში დაიწყება. 25 მაისს, ღამის 00:00 საათზე სეტის მოედანზე ჰიმნის შესრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოება 26 მაისს ფოიერვერკით შეხვდება.
ფესტივალის მხარდამჭერები მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია”, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.