დამოუკიდებელი პროფკავშირი ხელისუფლებას „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების სახელფასო დავალიანების გასტუმრებას სთხოვს
დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ ხელისუფლებას ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანების გასტუმრებას სთხოვს.
როგორც დამოუკიდებელი პროფკავშირის გაერთიანების წევრებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, კომპანიას არ აქვს რესურსი, დავალიანება გაისტუმროს. პროფკავშირების წევრების თქმით, ისინი ასევე მოითხოვენ, „ფრონტერას“ ყველა დათხოვნილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და მთავრობის მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რათა კომპანიამ შეწყვიტოს დედოფლისწყაროში საქმიანობა.
„გამოსავალი არის მხოლოდ ის, რომ მთავრობა ჩაერიოს და გადაუხადოს ამ ხალხს ხელფასი, როგორც ეს მოხდა ტყიბულში, რადგან კომპანიას სავარაუდოდ, არ გააჩნია რესურსი. როგორც ჩანს, მთავრობას დიდად არ აწუხებდა ეს თემა, ვიდრე ჩვენთან არ დაიწყეს დედოფლისწყაროს მუშებმა თანამშრომლობა. ჩვენ ვითხოვთ, წავიდეს ეს კომპანია და მოვიდეს ისეთი კომპანია, რომელიც დაიცავს თანამშრომლების უფლებებს“, – განაცხადა დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ.
„დამოუკიდებელი პროფკავშირის ახალი გაერთიანების“ წარმომადგენლების თქმით, თანამშრომლებზე მიმდინარეობს ზემოქმედება, რათა მათ არ ითანამშრომლონ დამოუკიდებელ პროფკავშირთან.
„ეს ადამიანები დაუკავშირდნენ „სოლიდარობის ქსელს“ და სთხოვეს დახმარება. პროფკავშირმა დააკვალიანა თანამშრომლები, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. როგორც კი ეს გაიგო დედოფლისწყაროს გამგებელმა, მუშები დააკავშირა გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებს, და შეხვედრა მოაწყო ირაკლი პეტრიაშვილთან. როდესაც სახელმწიფო ერევა შრომითი დავების მიმართულებით პრობლემის მოგვარებაში და ჩაჰყავს პროფკავშირი, ეს უკვე ნიშნავს, რომ არჩევანს არ უტოვებს ამ ადამიანებს, თავად აირჩიონ, რომელ პროფკავშირთან მივიდნენ და ითანამშრომლონ“, – განაცხადა „დამოუკიდებელი პროფკავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარე ზაზა ბარბაქაძემ.