დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცედურის შეჩერებას ითხოვს
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცედურის შეჩერებას ითხოვს

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი პარლამენტის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცედურის შეჩერებას ითხოვს. იურისტებმა ეკატერინე ციმაკურიძემ, მაია ბაქრაძემ, უჩა ნანუაშვილმა, თამარ ლალიაშვილმა და ირაკლი კორძახიამ აღნიშნულ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გამართეს.

იურისტების განცხადებით, ამ ეტაპზე მოსამართლეების შერჩევა დაუყონებლივ უნდა შეჩერდეს, რადგან ამით შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმება ირღვევა.

გარდა ამისა, მათი თქმით, პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან, ოპოზიციასთან და სხვა იურისტებთან ერთად იმუშავებს იმ ცვლილებების მოსამზადებლად, რასაც სასამართლო რეფორმა ითვალისწინებს.

მათი თქმით, მომავალში მოსამართლეები სპეციალურმა კომისიამ უნდა შეარჩიოს.

„სრულიად გაუმართლებელია, რომ რეფორმის გატარების გარეშე მიმდინარეობს მოსამართლეების შერჩევის პროცესი. მოვუწოდებთ პარლამენტს, შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს გამჭვირვალედ და მასში ჩართული იქნება ოპოზიციაც, პარტნიორებიც და იმუშავებენ ძირეულ რეფორმაზე.

ჩვენ გვექნება წინადადებები, რა პროცედურით მოხდება მათი შერჩევა. მხოლოდ ძირეული რეფორმის შემდეგ, კონკურსი უნდა დაიწყოს თავიდან. არსებობს ხელისუფლების განცხადებები, რომ მათ მიშელის შეთანხმების გაფორმებამდე გაატარეს ცვლილებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ის ითვალისწინებდა ფრაგმენტულ ცვლილებებს. მიზანი უნდა იყოს, რომ პოლიტიკური შერჩევის პროცესი ჩანაცვლდეს პროფესიული შერჩევის პროცესით“,- განაცხადა იურისტმა ეკატერინე ციმაკურიძემ.