დამოუკიდებელი ექსპერტი - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა, არის გამოძიების დასადგენი
დამოუკიდებელი ექსპერტი - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა, არის გამოძიების დასადგენი

არის თოკის ჩანაჭდები, მეტი დაზიანებები ფაქტობრივად არ არის. დამატებით ყველაფერი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივას” დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ირაკლი თოიძემ განუცხადა, რომელიც გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პარალელურად ატარებს.

„შინაგანი ორგანოები იყო შიგნით ჩაბრუნებული და ავიღეთ ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის. თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა, ეს არის გამოძიების დასადგენი. დაზიანებები რაც იყო ყელზე, უმნიშვნელო ნაჭდევებია და სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული ამას დასადგენად ლაბორატორიული კვლევისათვის აღებული იქნა ნაჭდები“, – განაცხადა ექსპერტმა.

ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა.

გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან დღეს გადმოასვენეს. ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.