ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაერთვება
„ტელეკომპანია „პირველის“ ოფიციალური მომართვით დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორისადმი“, მე, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი და ამავდროულად სასამართლო სამედიცინო ექსპერტი დავეთანხმე „ტვ პირველს“, რათა მონაწილეობა მივიღოთ „სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებასთან“ ერთად აწ გარდაცვლილი ოპერატორის გვამის სასამართლო სამედიცინო ერთობლივ გამოკვლევაში, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.
„ცოტა ხნის წინ საექსპერტო დაწესებულების ფოიეში შევედი, შემდგომ მათი წარმომადგენელი ჩამოვიდა და განმიცხადა, რომ ჯერჯერობით არ აქვთ გამომძიებლის მხრიდან ოფიციალური წერილი ჩემი მონაწილეობის დაშვების თაობაზე. ბუნებრივია, ამ ნებართვის გარეშე ექსპერტიზაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ახლა გამომძიებლის რეაგირებას ველოდებით, დაუშვებს თუ არ დაუშვებს ამ წერილს. ნებართვის დაშვების შემთხვევაში, ბუნებრივია, ერთობლივი ექსპერტიზის პროცესში ჩავერთვებით. როგორც მითხრეს, ჯერჯერობით გვამის გამოკვლევა დაწყებული არ არის. არანაკლებ 20-25 დღე დასჭირდება ქიმიურ კვლევას და ა.შ.“, – განაცხადა გეჯაძემ.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.